|
23-05-2010, 02:40
დღეს, 23 მაისს, იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთის, საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლის, სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია იხსენიებს სვიმონ მოშურნე, კანანელს, რომელიც იყო ათორმეტთაგან მოციქული და რაც მთავარია, საქართველოში ქრისტეს რჯულის მქადაგებელი (მისი საფლავი და კლდეში გამოკვეთილი კელია მდებარეობს აფხაზეთში, ახალ ათონში). გადმოცემის თანახმად, სვიმონ კანანელი იყო ერთ-ერთი ძე იოსებ დამწინდველისა.
პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი იყო, რომ შუა ქეიფში დაუმთავრდათ ღვინო. იესომ შეიტყო ამის შესახებ და ბრძანა, მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი. სასწაულის შემდგომ თამადამ გასინჯა ღვინო და მცირედი საყვედურით აღნიშნა, რომ სანამ მეინახეები დათვრებოდნნ, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რომლითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან. მოგვიანებით იმ ადგილას, სადაც კანას გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული, წმიდა მოციქულთა სწორმა ელენემ ტაძარი ააგო.
ძველი ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. მან აფხაზეთში იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.
ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და თავი მოკვეთეს (იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი ახლაც ამჩნევია). გადმოცემის მიხედვით, 55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. მორწმუნეებმა იპოვეს მოციქულის გვამი და დიდებით მიაბარეს მდინარის ნაპირას მიწას. IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც, სავარაუდოდ, ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსულმანებმა ტაძარი დაანგრიეს. მოგვიანებით, X საუკუნეში, სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი თეთრი თლილი ქვისგან ააშენეს. მას რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, მათ შორის, XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი. 1830 წელს აქ ბერებმა სვიმონ კანანელის გამოქვაბულში გაჭრეს მეორე შესასვლელი.
როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "საქართველოს მიწა ქრისტეს ზიარი სისხლით იკურთხა: სვიმონ კანანელის მიერ დაღვრილი მოწამეობრივი სისხლი არის ჭეშმარიტად მირონი ღვთისა წინაშე... და დღეს, როდესაც წმიდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმიდანს, შეგვეწიოს, შევთხოვოთ მის სახიერებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი სულიერი ამაღლება".
თეოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი - ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი - ქრისტეს პირველი და უკანასკნელი მოციქულები იყვნენ. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ Aნდრეა და სვიმონი გამოხატავენ ალფასა და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს. |
|