პატრიარქს 78 წელი შეუსრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პატრიარქს 78 წელი შეუსრულდა ---
4-01-2011, 01:35
4 იანვარს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 78 წელი შეუსრულდა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. ნაჩვენები იქნება თამარ ბართაიას ფილმი “სტუმრად პატრიარქთან” და აჟღერდება მრავალჟამიერი, რომელსაც სამების მგალობელთა გუნდი და ანსამბლი “ბასიანი” შეასრულებენ.

ღონისძიების დაწყებამდე, 11:00-იდან 13:00 საათამდე, საპატრიარქოში გაიმართება უწმინდესისთვის დაბადების დღის მიმლოცველთა მიღება.

უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. კათალიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ ვლადიკავკაზში სახლი შეიძინეს, სადაც შემდეგ საქართველოს მომავალი პატრიარქი დაიბადა. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს და ერეკლეს II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.

მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისთვის 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ეფრემ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათალიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).

1978-1983 წწ. კათალიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

ამ ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-იდან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა - 53-მდე, სასულიერო პირთა - 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.
 
 

ასევე:

  • ილია II-ის ინტრონიზაციიდან 35 წელი შესრულდა
  • კათალიკოს-პატრიარქს 79 წელი უსრულდება
  • 25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა
  • პატრიარქს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა
  • საპატრიარქოში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge