|
14-02-2011, 00:14
14 თებერვალს ბერლინის 61-ე კინოფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტენდთან უცხოელი კინემატოგრაფისტებისა და საქართველოს სტენდის სტუმრებისთვის მიღება გაიმართება.
ბერლინის 61-ე კინოფესტივალი 10 თებერვალს ძმები კოენების True Grit-ით გაიხსნა. “ბერლინალე”, ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ პოლიტიკური კინოს ფესტივალი, მაყურებელს წელს საინტერესო პროგრამას სთავაზობს.
ფესტივალის დირექტორმა ჟიურის შემადგენლობაში ირანელი რეჟისორი ჯაფარ პანახი მოიწვია, რომელიც, ფესტივალს ვერ ესწრება, მაგრამ მისი "სავარძელი" ცარიელია. "ირანელი რეჟისორისთვის განკუთვნილი ერთი სავარძელი ცარიელი იქნება", _ განაცხადა ფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. პანახის საპატივცემულოდ, ფესტივალზე რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმს "თამაშგარეს" აჩვენებენ, რომელმაც 5 წლის წინ ბერლინში ვერცხლის დათვი მოიპოვა. აღნიშნული დამოკიდებულება არის ერთგვარი პროტესტი, რომელსაც ბერლინში შეკრებილი კინოხელოვანები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატავენ.
კინოფესტივალს ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინია. "იზაბელა როსელინი მრავალმხრივ ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც ევროპელ და ამერიკელ კინემატოგრაფისტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა. იზაბელა საყოველთაოდ აღიარებული შვედი მსახიობის ინგრიდ ბერგმანისა და იტალიელი რეჟისორის რობერტო როსელინის ქალიშვილია. მისი კინოდებიუტი შედგა ვინსენტ მინელის ფილში "ეს დროის საკითხია" (A Matter of Time 1976. საყოველთაო აღიარება იზაბელა როსელინის მოუტანა დევიდ ლინჩის ფილმმა "ლურჯი ხავერდი". 2008 წელს როსელინი ბერლინის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო ფილმით "მწვანე პორნო" (Green Porno), სადაც ის ერთდროულად რეჟისორი, პროდიუსერი და მთავრი როლის შემსრულებელიც იყო.
ჟიურის შემადგენლობაში ასევე არიან ნინა ჰოსი, ამირ ხანი, გიუ მადინი, სანდი პოველი.
ფესტივალზე 22 საკონსურსო ფილმია წარმოდგენილი.
ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალს ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები ესწრებიან, რომლებიც კინოპროექტებისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოპოვებას შეეცდებიან. დაფინასების მოპოვებას შეეცდებიან ნანა ექვთიმიშვილი (ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული. პროექტის "გასროლა წყალში" ავტორი), ბესო სოლომონაშვილი და ვოვა კაჭარავა პროექტით: "20 ნაბიჯი მიწის ქვეშ" (ამ პროექტის ავტორებმა 2010 წელს ტალინის ბნელი ღამეების ფესტივალის ერთ-ერთ ტრენინგზე მოიპოვეს უფლება წარედგინათ პროექტი ევრპული კინოს ბაზრობაზე შემდგომი განვითარებისთვის), ასევე რეჟისორი ნინო კირთაძე და პროდიუსერი ქეთევან გალდავაძე (კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტით "როცა თეთრი ვარსკვლავები გამოჩნდებიან").
ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი სხვადასხვა ქვეყნის კინოფონდებისა და ევროპულ კინოორგანიზაციების (European Film Promotion) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია თამარ ტატიშვილის შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ელჩთან გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენთან. 14 თებერვალს, 16:00 საათზე, კინოფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტენდთან ასევე უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის და საქართველოს სტენდის სტუმართათვის მიღება გაიმართება. ghn.ge |
|