|
28-04-2011, 00:04
დღეს, 28 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება. სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართება.
ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილ სხდომას წარუძღვება ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია. აკადემიკოს ილია ვეკუას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებით გამოვა ფიზიკა-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თემურ ჩილაჩავა. ილია ვეკუაზე მოგონებებით გამოვლენ აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე, პროფესორები დავით გორდეზიანი, გიორგი ჯაიანი, ჰამლეტ მელაძე, თენგიზ მეუნარგია და ილია თავხელიძე.
ილია ვეკუა დაიბადა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა_მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე, ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით, გაემგზავრა ლენინგრადის უნივერსიტეტში, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.
1937 წელს ილია ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში”. იმავე წელს აირჩიეს დოცენტად. 1939 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის”. 1940 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა. 1940-1944 წლებში ი. ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.
1944 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს_ნამდვილ წევრად და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1958 წლიდან სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა. 1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში – თსუ-ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია “ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები”. ამ მონოგრაფიისთვის რამდენიმე პრემია მიენიჭა.
1951 წელს ი. ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.
1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1959 წელს ი. ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ “Сибирский математический журнал”-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ “Вестник Академии наук СССР”-ის რედკოლეგიის წევრი , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.
1964 წელს ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა. ორჯერ იყო უნივერსიტეტის რექტორი – 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.
1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ი. ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული სხვადასხვა ორდენით და მედლით. 1972 წლის მაისში ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.
ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 3 დეკემბერს, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. |
|