|
28-04-2011, 14:26
30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. ოლიმპიადა სტუ-ის პირველ კორპუსში არსებულ კომპიუტერულ ცენტრში ჩატარდება. ოლიმპიადა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას.
საერთაშორისო ოლიმპიადა 30 აპრილს, 10:00 საათზე გაიხსნება. 12:00 საათზე გაიმართება გუნდური შეჯიბრება, რომლის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე, შეჯიბრების ამოცანათა გარჩევა იგეგმება. პირადი შეჯიბრება 1-ელ მაისს, 11:00 საათზე დაიწყება, პირადი შეჯიბრების ამოცანებს კი 16:00 საათზე გაარჩევენ.
2 მაისს ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
ტრადიციულად, ოლიმპიადის დასწრებული ტური, საქართველოს გარდა, ტარდება აგრეთვე ნოვოსიბირსკში, მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში, ანუ იმ ქალაქებში, რომლებთანაც დაკავშირებულია აკადემიკოს ილია ვეკუას მოღვაწეობა (სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია, მოსკოვში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, იყო, აგრეთვე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოვოსიბირსის აკადემქალაქისა და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უნივერსიტეტის პირველი რექტორი). აღსანიშნავია, რომ ილია ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
წელს თბილისში ჩამოვლენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, მოლდავეთიდან.
ოლიმპიადის მონაწილეებს შორის, ტრადიციულად, არიან მსოფლიო პროგრამისტულ ელიტაში შემავალი გუნდები და ცალკეული მონაწილეები. ილია ვეკუას თასის მფლობელის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექნიკისა და ოპტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გაიმარჯვა ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალში და ამ დროისთვის მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთ ყველაზე მეტად სავარაუდო პრეტენდენტად მიიჩნევა.
ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, ვეკუას თასის გარდა, წელს გათამაშდება ორი სპეციალური პრიზი. ნიკო მუსხელიშვილის პრიზით დაჯილდოვდება საუკეთესო საზღვარგარეთული გუნდი (თბილისში), ხოლო ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება ოლიმპიადის საუკეთესო გუნდი სამხრეთ კავკასიიდან. ამ პრიზებიდან პირველი დაწესებული აქვს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, ხოლო მეორე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ევგენი პანკრატიევი წლების განმავლობაში იყო მსუ-ის პროგრამისტთა ნაკრების ხელმძღვანელი). ხსენებულ პრიზებს წელს პირველად დაემატება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დააწესა და რომელიც საუკეთესო ქართველ მონაწილეს გადაეცემა.
წელს ოლიმპიადას ეყოლება სპონსორი – კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო”.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ წამყვანი ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტები.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში შედიან არჩილ ფრანგიშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე), ზურაბ გასიტაშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ჰამლეტ მელაძე (ჟიურის თავმჯდომარე), თეოდორე ზარქუა (ღონისძიების დირექტორი), ზურაბ წვერაიძე (ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე), ოთარ ზუმბურიძე, ოლეგ ნამიჩეიშვილი, ბორის გითოლენდია, ალექსანდრე დემეტრაშვილი, თინათინ კაიშაური, გიორგი ჯერენაშვილი, ნიკა რევაზიშვილი, ზურაბ ქიმერიძე, დავით ჩიქოვანი, გია ხურცილავა, გიორგი მაისურაძე (საორგანიზაციო კომიტეტის წევრები).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველად მასპინძლობს ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე. მანამდე საქართველოში ამ ღონისძიებას 2-2-ჯერ უმასპინძლეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამისტული ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე პირველად 2007 წელს ჩატარდა და ილია ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. მას შემდეგ ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და სტუ-ის სტუდენტები მასში დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
ღონისძიების დირექტორის, თეოდორ ზარქუას განცხადებით, ამ ღონისძიების ჩატარება მარტო იმისთვისაც ღირს, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალგაზრდები სხედან და ხსნიან ამოცანებს, რომელთა შინაარსის ლიტერატურული მხარე ილია ვეკუას, საქართველოსა და ქართველების მიმართ პატივისცემით არის გაჟღენთილი. |
|