|
1-05-2014, 16:53
24-26 მაისს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, ტარდება მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. როგორც პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალური ჯგუფისა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის დირექტორი, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი თეოდორე ზარქუა აცხადებს, წელს ოლიმპიადის მონაწილეთა შორის საუკეთესო ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტების გარდა, იქნებინ სამხრეთ კავკასიის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და თურქეთის ძლიერი სტუდენტი-პროგრამისტები.
ღონისძიება პარალელურად ჩატარდება, აგრეთვე, ნოვოსიბირსკში, მოსკოვსა და უკრაინაში. უკრაინის გუნდებისთვის საოლიმპიადო საშეჯიბრო მოედნების ორგანიზება წელს ხდება პირველად, ამ სახელმწიფოში შექნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით. ტრადიციულად, გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ძალიან ძლიერი იქნება (შეგახსენებთ: შარშანდელი გამარჯვებული, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის გუნდი – კოროტკევიჩი, კევერი, ნიგმატულინი, მწვრთნელი სტანკევიჩი – 1 თვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა). შემადგენლობის სიძლიერეს ხელს უწყობს არა მარტო ღონისძიების მაღალპრესტიჟულობა, არამედ მისი ღია რეგლამენტიც. მონაწილეებს მოეთხოვებათ მხოლოდ, ჰქონდეთ პროგრამირების სათანადო დონე – ყოველგვარი ასაკობრივი და რაიმე სხვა შეზღუდვის გარეშე.
თეოდორე ზარქუას განცხადებით, წელს საერთაშორისო ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე ქართველი მონაწილეებისთვის ექნება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სტატუსი.
“ღონისძიებას პატრონაჟს უწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. ამას გარდა, ღონისძიების მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და იუსტიციის სამინისტროები”, – განაცხადა ზარქუამ.
ამას გარდა, 26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იგეგმება საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
საერთაშორისო ოლიმპიადები პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე ტარდება 2007 წლიდან პროფესორ ჰამლეტ მელაძის ინიციატივით. აღნიშნულ ოლიმპიადას 2007, 2008 და 2013 წლებში უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2009 და 2010 წლებში – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, 2012 წელს ოლიმპიადა ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ღონისძიებას მასპინძლობს მეორედ. პირველად სტუ მასპინძლის როლში მოგვევლინა 2011 წელს.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზურაბ წვერაიძე, დირექტორი კი არის თეოდორე ზარქუა.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს არა მარტო საერთაშორისო მასშტაბით ფუნდამენტური დაპროგრამების განვითარების ხელშეწყობას, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს ახალგაზრდებს შორის სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
|
|