საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია ჩატარდა. პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიადის ორგანიზატორი თეოდორე (თემურ) ზარქუა. მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 24-26 მაისს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ტარდება.
თემურ ზარქუას განცხადებით, წელს ოლიმპიადის მონაწილეთა შორის საუკეთესო ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტების გარდა, იქნებიან სამხრეთ კავკასიის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ძლიერი სტუდენტი-პროგრამისტები.
"ღონისძიება, პარალელურად, ჩატარდება ნოვოსიბირსკში, სანკტ-პერტერბურგში, მოსკოვსა და ვინიცაში (უკრაინა). უკრაინის გუნდებისთვის საოლიმპიადო საშეჯიბრო მოედნების ორგანიზება წელს ხდება პირველად, ამ სახელმწიფოში შემქნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, უკრაინიდან მაინც ჩამოდის ხარკოვის უნივერსიტეტის გუნდი", - აღნიშნა მან.
ტრადიციულად, გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ძალიან ძლიერი იქნება (შეგახსენებთ: შარშანდელი გამარჯვებული, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის გუნდი - კოროტკევიჩი, კევერი, ნიგმატულინი, მწვრთნელი სტანკევიჩი - 1 თვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა). მონაწილეთა სიძლიერეს ხელს უწყობს არა მარტო ღონისძიების მაღალპრესტიჟულობა, არამედ მისი ღია რეგლამენტიც. მონაწილეებს მოერთხოვება მხოლოდ ქონდეთ პროგრამირების სათანადო დონე - ყოველგვარი ასაკობრივი და რაიმე სხვა შეზღუდვების გარეშე.
წელს საერთაშორისო ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე ქართველი მონაწილეებისთვის ექნება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სტატუსი.
ოლიმპიადით გათვალისწინებულია როგორც გუნდური, ასევე პირადი შეჯიბრება.
ტრადიციულად, გამარჯვებულების გარდა გაირკვევა 3 სპეცპრიზის მფლობელი. აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის პრიზი გადაეცემა თბილისიდან მოასპარეზე სტუმართა საუკეთესო გუნდს, პროფ. ევგენი პანკრატიევის პრიზი გადაეცემა სამხრეთ კავკასიის საუკეთესო გუნდს (პრიზს ტრადიციულად გადასცემს მსუ-ს პროფესორი, ანტინ პანკრატიევი, ევგენი პანკრატიევის ვაჟი), აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის პრიზი კი წელს გადაეცემა საუკეთესო მოსწავლეს.
ღონისძიებას უკვე მესამედ ზედიზედ პატრონაჟს უწევს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. ამას გარდა, ღონისძიების მხარდამჭერები არიან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ორგანიზტორების სიაში შედის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი, ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია.
თბილისში ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ჩამოვა გუნდები, რომლებიც წარმოადგენს: მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, რადიოსა და ელექტრონიკის ხარკოვის ეროვნულ უნივერსიტეტს, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბაქოს უნივერსიტეტს "ქავგქაზ", ბაქოს ნავთობის უმაღლეს სკოლას, ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იქნება გუნდები სომხეთიდან და მოლდოვადან.
საერთაშორისო ოლიმპიადები პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე ტარდება 2007 წლიდან პროფ. ჰამლეტ მელაძის ინიციატივით. აღნიშნულ ოლიმპიადას 2007, 2008 და 2013 წლებში უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2009 და 2010 წლებში - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, 2012 წელს ოლიმპიადა ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ღონისძიებას მასპინძლობს მეორედ. პირველად სტუ მასპინძლის როლში მოგვევლინა 2011 წელს.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზურაბ წვერაიძე, დირექტორი კი არის თეოდორე ზარქუა.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს არა მარტო ფუნდამენტური დაპროგრამების განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს ახალგაზრდებს შორის სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
http://www.youtube.com/watch?v=70DM6E41Tpg#t=11