|
28-05-2014, 16:20
24-26 მაისს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, ჩატარდა მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე. წელს ოლიმპიადის მონაწილეთა შორის საუკეთესო ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტების გარდა, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ძლიერი სტუდენტი-პროგრამისტებიც იყვნენ.
პარალელურად, ღონისძიება ჩატარდა ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ვინიცაში (უკრაინა). უკრაინის გუნდებისთვის საოლიმპიადო საშეჯიბრებო მოედნის ორგანიზება წელს პირველად მოხდა, ამ სახელმწიფოში შემქნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით. თუმცა, სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის ერთი გუნდი მაინც ჩამოვიდა თბილისში.
ტრადიციულად, ჩატარდა როგორც გუნდური, ასევე პერსონალური შეჯიბრება.
გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო სულ 102-მა გუნდმა. აქედან თბილისში თავი მოიყარა 50-მა გუნდმა, საიდანაც 13 იყო ჩამოსული საზღვარგარეთიდან (2-2 თურქეთიდან და რუსეთიდან, ერთი უკრაინიდან და 8 აზერბაიჯანიდან). პირად პირველობაში მონაწილეობა მიიღო სულ 147-მა პროგრამისტმა, აქედან 92 ასპარეზობდა თბილისიდან.
“ღონისძიების შეფასებისას ცალსახად უნდა აღინიშნოს მისი უპრეცედენტო მასშტაბურობა, ჩატარების სიმწყობრე და ორგანიზებულობა, მაღალი აკადემიური დონე. ყოველივე ეს, პირველ რიგში, განაპირობა ორგანიზაციაში ჩართულ დაწესებულებათა ძალისხმევამ და შეჯიბრების მაღალმა პრესტიჟულობამ. ღონისძიებას უკვე მესამედ ზედიზედ პატრონაჟი გაუწია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ. ამას გარდა, ღონისძიების მხარდამჭერები წელს იყვნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო”, – განაცხადა ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის დირექტორმა,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამირებაში საოლიმპიადო მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელმა, თეოდორე (თემურ) ზარქუამ.
მისი განცხადებით, ორგანიზტორების სიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, შედიოდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი, ვინიცის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია.
თბილისში წარმოდგენილი იყო შემდეგი უნივერსიტეტები, სკოლები და სასწავლო ცენტრები: ხარკოვის ერვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, ანკარის შუა აღმოსავლური ტექნიკური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, ნახჭევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაქოს უნივერსიტეტი ”კავკაზი”, ბაქოს ნავთობის უმაღლესი სკოლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სასწავლო ცენტრი ”მზიური”, თბილისის კომაროვის, დემირელისა და ვეკუას სახელობის სკოლები, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა.
გუნდურ შეჯიბრში ილია ვეკუას სახელობის თასს დაეუფლა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (დმიტრი ეგოროვი, პავლე კუნიავსკი, ეგორ სუვოროვი, მწვრთნელი ანდრეი ლოპატინი).
“უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი ითვლება უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირებაში წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის (ჩატარდება ივნისში) ერთ-ერთ ფავორიტად. დახურვაზე ითქვა, რომ ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, თუ ეს გუნდი შეძლებს, ვეკუას თასის მფლობელთა გამსოფლიოჩემპიონობა გადააქციოს ტრადიციად (შეგახსენებთ, რომ ილია ვეკუას თასის შარშანდელი მფლობელი, სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის გუნდი - გენადი კოროტკევიჩი, მიხეილ კევერი, ნიაზ ნიგმატულინი, მწვრთნელი ანდრეი სტანკევიჩი - 1 თვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი გახდა). ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრიზი - საქართველოში ჩამოსულ საუკეთესო გუნდს - გადაეცა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რომლებმაც საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს (ალექსანდრე მაშრაბოვი, გიორგი ჩებანოვი, ფილიპ რუხოვიჩი, მწვრთნელი ალექსი მალეევი). ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი ფინალის მონაწილეა და, დარწმუნებული ვარ, პრიზიორთა რიცხვში იქნება”, – განაცხადა თემურ ზარქუამ.
ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზი - საუკეთესო სამხრეთ კავკასიის გუნდს - მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა (გიორგი საღინაძე, გიორგი გულიაშვილი, თორნიკე მანძულაშვილი, მწვრთნელი გიორგი საღინაძე), რომელიც ამ შედეგის წყალობით გახდა 2014 წლის საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვებული. ქართული გუნდებიდან მეორე იყო მოსწავლეთა გუნდი, რომელიც წარმოადგენდა თბილისის კომაროვის სახელობის სკოლას და სასწავლო ცენტრ ”მზიურს” - ელენე მაჩაიძე, ნიკოლოზ სვანიძე, ალექსანდრე ცხოვრებოვი, მწვრთნელები გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი. საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა გამოცდილი გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ირაკლი მერაბიშვილი, ზურაბ კუცია, ბექა ბარბაქაძე. დანარჩენი ქართული გუნდები საკმაოდ თანაბრად გამოვიდა (ჩავარდნების გარეშე).
პირად პირველობაში გაიმარჯვა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მიხეილ ტიხომიროვმა, რომელსაც გადაეცა ილია ვეკუას მცირე თასი. ივერი ფრანგიშვილის პრიზი - საუკეთესო მოსწავლეს - მოიპოვა ნიკოლოზ სვანიძემ (კომაროვის სახელობის სკოლა, სასწავლო ცენტრი ”მზიური”).
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული პრიზი - საუკეთესო ქართველ მონაწილეს - მოიპოვა ნიკოლოზ ციმაკურიძემ (თავისუფალი უნივერსიტეტი). ამ შედეგით ნიკოლოზ ციმაკურიძე გახდა საქართველოს 2014 წლის ახალგარდული ჩემპიონატის პირად ჩათვლაში გამარჯვებული. საქართველოს ახალგაზრდული პირადი ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორებიც გახდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, შესაბამისად, ლაშა ლაკირბაია და თორნიკე მანძულაშვილი.
საერთაშორისო ოლიმპიადები პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე ტარდება 2007 წლიდან პროფესორ ჰამლეტ მელაძის ინიციატივით. აღნიშნულ ოლიმპიადას 2007, 2008 და 2013 წლებში უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2009 და 2010 წლებში - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, 2012 წელს ოლიმპიადა ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ ღონისძიებას უმასპინძლა მეორედ. პირველად სტუ მასპინძლის როლში მოგვევლინა 2011 წელს.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტს უხელმძღვანელა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, ჟიურის უხელმნძღვანელა პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ, ტექნიკურ კომიტეტს უხელმძღვანელა პროფესორმა ზურაბ წვერაიძემ, დირექტორი კი იყო თეოდორე (თემურ) ზარქუა.
ოლიმპიადის დახურვა ჩატარდა სტუ-ს საკონფერენციო დარბაზში. მონაწილეებს მიესალმენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პროფესორი ილია თავხელიძე (ილია ვეკუას შვილიშვილი).
ოლიმპიადის დირექტორმა შეაჯამა საერთო შედეგები, რის შემდეგაც მონაწილეებს გადაეცათ კუთვნილი პრიზები და სერტიფიკატები. ყველა მონაწილემ მიიღო სამახსოვრო მაისური ოლიმპიადის სიმბოლიკით, ყველა უცხოელი მონაწილე დასაჩუქრდა სუვენირებით. შენარჩუნდა ტრადიცია, როდესაც ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზს გადასცემს მისი ვაჟი - მსუ-ის პროფესორი, ანტონ პანკრატიევი. დახურვას, გარდა მონაწილეებისა, ჩამოსული გუნდების ხელმძღვანელებისა და ყველა ზემოჩამოთვილი პირისა, ესწრებოდნენ - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, ოლიმპიადის ჟიურის თავმჯდომარე ჰამლეტ მელაძე, ოლიმპიადის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ წვერაიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ბიბლაია.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, მთლიანობაში, სამომავლოდ გამოიკვეთა შემდეგი: 1. აუცილებელია, ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდეს ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპი, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მონაწილეთა დონის ამაღლებას; საზოგადოდ, აუცილებელია ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა, რათა ქართველი სტუდენტი-პროგრამისტები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მსოფლიო ელიტას; 2. საქართველოსთვის ფუნდამენტური პროგრამირების მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ უმაღლესმა სასწავლებელმა, სადაც ისწავლება დაპროგრამება; 3. აუცილებელია მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფილის და ამ ტექნოლოგიების ინტენსიურად გამომყენებელი ძლიერი დაწესებულებები; 4. აუცილებელია ვიზრუნოთ, რათა ყურადღება ღონისძიებისადმი მედიის მხრიდან მიუახლოვდეს ღონისძიების პრესტიჟულობას.
ბოლოს, ოლიმპიადის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ღონისძიების დროს გამოვლენილი ურთიერთკეთილგანწყობისა და ”სამართლიანი თამაშის წესებისადმი” მიდრეკილებისთვის, მადლობა გადაუხადა სტუ-ის ხელმძღვანელობას და ღონისძიების ყველა მახრადამჭერს. რის შემდეგაც, სტუ-ის პრორექტორმა, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, ოლიმპიადა დახურულად გამოაცხადა.
ცალკე აღნიშვნის ღორსია, რომ ოლიმპიადამ ხელი შეუწყო სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის კეთილი ურთიერთობების დამყარებას. დღეს კი ამ ფაქტორის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. |
|