|
6-05-2011, 11:41
6 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ რელიგიურ დღესასწაულს - წმინდა გიორგის ხსენების დღეს, გიორგობას აღნიშნავს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკელსია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება.
დღესასწაული საქართველოს განმანათლებლის - წმინდა ნინოს მიერ იქნა დაარსებული. ცნობილია, რომ ის წმინდა გიორგის ნათესავი იყო, მას ეთაყვანებოდა და ქვეყანას მისი სიყვარული და თაყვანისცემა უანდერძა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგის სახელზე წელიწადის დღეების შესაბამისად 365 სალოცავი აიგო.
წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხდა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა. წმინდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის". - "რა არის ჭეშმარიტება?" - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. "თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ", - იყო პასუხი.
დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდი მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდი ტაძარში, ქალაქ ლიდიაში.
წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. |
|