16 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, გაიხსნება სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. 16-18 მაისს ჩატარდება კონფერენციის პირველი ეტაპი.
კონფერენციის I ეტაპში მონაწილეობას იღებს შესაბამისი წესით დარეგისტრირებული ყველა სტუდენტი (ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები).
კონფერენციის II ეტაპი. 1-ლიდან 4 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. კონფერენციის II ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ I ეტაპს, დოქტორანტურის სწავლების საფეხურის მაქსიმუმ 10, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის - 7, პროფესიული სწავლების - 5 სტუდენტი.
კონფერენციის II ეტაპზე თითოეულ სექციაში გამოვლინდებიან კონფერენციის გამარჯვებულები: ერთი I, ერთი II და ერთი III ადგილის მფლობელები. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით.
სტუ-ის სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა წარიმართება 29 სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო- და ჰიდროენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის; საწარმოო ინოვაციების და ოპერაციული მენეჯმენტის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.
სტუ-ის სტუდენტთა 79-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
კონფერენციას ორგანიზებას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.