|
15-04-2010, 21:43
20 აპრილს 16:00 საათზე სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (III სართული) გაიმართება სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება და სტუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართება.
კონფერენცია ერთ თვეს გაგრძელდება (20 აპრილი - 20 მაისი). კონფერენციის I ეტაპი 20 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება, II ეტაპი - 18,19,20 მაისს. კონფერენციის I ეტაპზე მონაწილეობს შესაბამისი წესით დარეგისტრირებული ყველა სტუდენტი (ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტები); კონფერენციის II ეტაპზე მონაწილეობენ ის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ I ეტაპს: ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის მაქსიმუმ 10, პროფესიული სწავლების - 7, მაგისტრატურის - 5 და დოქტორანტურის - 3 სტუდენტი; კონფერენციის II ეტაპზე თითოეულ სექციაში გამოვლინდებიან კონფერენციის გამარჯვებულები: ერთი I, ერთი II და ერთი III ადგილის მფლობელი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ცალ-ცალკე სწავლების საფეხურების მიხედვით.
სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა წარიმართება 28 სხვადასხვა დარგობრივი სექციის მიხედვით: საინჟინრო მექანიკის; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის; ჰიდროსაინჟინრო; ტელეკომუნიკაციის; თბო- და ჰიდროენერგეტიკის; ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის; საინჟინრო გეოდეზიის; სამთო ტექნოლოგიის; გეოლოგიის; ნავთობის და გაზის ტექნოლოგიის; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის; მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის); არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის; კომპიუტერული ინჟინერიის; საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის; ორგანიზაციული მართვის; ფიზიკის; მათემატიკის; მანქანათმშენებლობის; სატრანსპორტო; საგზაო; საინჟინრო გრაფიკის და ტექნიკური მექანიკის; საზოგადოებრივი მეცნიერებების; უცხო ენების და კომუნიკაციის; ეკონომიკის და ბიზნესის მართვის; სამართლის; თეოლოგიის.
სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
კონფერენციას ორგანიზებას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება.
დაინტერესებულმა პირებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებას (სტუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება_ _ სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ.№323, ტელ.: 36-53-51, 8-91-19-17-25. |
|