|
2-09-2011, 22:50
3 სექტემბერს მესტიაში ფესტივალი "სვანსეტი 2011" გაიმართება. როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, წელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურისა და სვანეთში ჩატარებული სამუშაოს გათვალისწინებით, მუსიკალურ ფესტივალზე "სვანსეტი 2011" 2000-ზე მეტ მსმენელს ელოდებიან
ფესტივალის ფარგლებში "altervision group"-ი და "ქართული ჩანაწერები" წარმოადგენენ ირაკლი ჩარკვიანის "თეთრი ღმერთს". როგორც ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ, ქეთათომ განაცხადა, ჩარკვიანის ახალი ალბომი მისი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა და მასში შესულია დღემდე გამოუქვეყნებელი ლექსები, კომპოზიციები და ძველი სიმღერების ფრაგმენტებზე შექმნილი ტრეკები.
ფესტივალის ფარგლებში "სოფთ ეჯექთის" 5- წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოისმენს მსმენელი სრულიად ახალი პროექტით - "exclamation".
"გრინ რუმი" ელექტრონული მუსიკით უკვე რამდენჯერმე წარდგა მსმენელის წინაშე, თუმცა "სვანსეტი 2011 განსაკუთრებული იმით იქნება, რომ ელექტრონული დუეტი "გრინ რუმი" რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს სვანეთის ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლ "რიჰოსთან" ერთად.
მუსიკალური ფესტივალი "სვანსეტი" პირველად 2007 წლის მარტში სვანეთში, მესტიაში ჩატარდა.
ფესტივალის სამი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ტარდებოდა და მასში მონაწილეობა ცნობილმა ქართულმა ბენდებმა მიიღეს. ფესტივალს 1500-მდე ადგილობრივი მცხოვრები და სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოსული სტუმარი დაესწრო.
წელს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "altervision group"-ის მიერ დაგეგმილია ერთდღიანი ფესტივალი ღია ცის ქვეშ. ფესტივალს არა მხოლოდ კონცერტის, არამედ შოუს სახეც ექნება - ეფექტური ვიზუალური გაფორმება, საფესტივალო ატმოსფეროს შექმნა, თავისუფალი გარემო და თანამედროვე მუსიკა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის მიზანია სვანეთის ტურისტული ზონის პოპულარიზაცია, მისი კულტურულ ცენტრად გადაქცევა და მეტი ტურისტის მოზიდვა.
წელს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურისა და სვანეთში ჩატარებული სამუშაოს გათვალისწინებით, მუსიკალურ ფესტივალზე, "სვანსეტი 2011" 2000-ზე მეტ მსმენელს ელოდებიან.
სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა სამდღიანი ტურპაკეტები, რომელიც მგზავრობას, დაბინავებასა და კვებას მოიცავს. ghn.ge |
|