ხსოვნა: მერაბ თევზაძე » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ხსოვნა: მერაბ თევზაძე სტუ
3-09-2011, 18:32
მოულოდნელად გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ახალგაზრდობის ღირსეული აღმზრდელი და საზოგადო მოღვაწე, საინჟინრო გეოდეზიის ეროვნული სამეცნიერო სკოლის წინამძღოლი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი მერაბ თევზაძე.

მერაბ თევზაძე 1939 წლის 5 მარტს ქ. თბილისში, ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოში გეოდეზიურ-სამარკშეიდერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ნიკოლოზ თევზაძის ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გააგრძელა მამისეული გზა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1961 წელს სამთო ინჟინერ-მარკშეიდერის წოდება მიენიჭა. 1961-1965 წლებში, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის კათედრაზე მუშაობასთან ერთად, ინსტიტუტისა და რესპუბლიკის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოებს ხელმძღვანელობდა. 1965 წელს ჩაერიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც მივლენილ იქნა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის გეოდეზიის კათედრაზე. 1968 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, დაუბრუნდა მშობლიურ ინსტიტუტს და სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო გეოდეზიისა და სამარკშეიდერო საქმის კათედრაზე. 1985 წელს მერაბ თევზაძე ამ კათედრის გამგედ აირჩიეს. მან ღირსეულად შეცვალა ნიკოლოზ თევზაძე – გააგრძელა და განავითარა მის მიერ დამკვიდრებული სასწავლო-პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ტრადიციები. 1989 წელს მერაბ თევზაძე პროფესორის თანამდებობაზე აირჩიეს. 1998 წელს კი მან ქალაქ მოსკოვის სამთო ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მერაბ თევზაძის მოღვაწეობა მაღალი კვალიფიკაციის გეოდეზისტებისა და მარქშეიდერების ეროვნული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად. იგი ყოველთვის ზრუნავდა ამ მიმართულებით სასწავლო პროცესის რეფორმირებისათვის. თევზაძის უდიდესი ძალისხმევით დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. შედეგად, უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა კადასტრის სპეციალობით და რომლის კოორდინატორი მერაბ თევზაძე იყო. 2001 წელს, პირველად საქართველოში, დაიწყო კადრების მომზადება სპეციალობით – “ქალაქის კადასტრი”, რაც მისივე თაოსნობით განხორციელდა.

მერაბ თევზაძისა და მისი კოლეგების ერთობლივი შრომით მომავალმა გეოდეზისტებმა და მარკშეიდერებმა მიიღეს ახალი ორიგინალური სახელმძღვანელოები მშობლიურ ენაზე.

მერაბ თევზაძე მრავალმხრივ სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ეწეოდა. იგი ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. მან პირველმა შექმნა სამარკშეიდერო მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე “გეოდეზიური და მარკშეიდერული ტერმინოლოგია” ქართულ ენაზე, რაც უდიდესი შენაძენია სამთო საქმის სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის.

მერაბ თევზაძის, როგორც მეცნიერისა და მკვლევარის, საყოველთაო აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი არჩეულ იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის, მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად და ამავე აკადემიის ნაციონალური განყოფილების პრეზიდენტად. იგი იყო გეოდეზიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი, გეოდეზისტთა ასოციაციის წევრი, საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მრჩეველი, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოებისა და საექსპერტო კომისიის წევრი და სხვ. მერაბ თევზაძე მრავალი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე იყო.

მასშტაბურია მერაბ თევზაძის ღვაწლი აღმშენებლობით დარგში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშეიდერიის კათედრის, შემდგომ კი ამ მიმართულების თანამშრომლებმა შეასრულეს რთული გეოდეზიური სამუშაო, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოში მნიშვნელოვან საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერაბ თევზაძე 1995 წლიდან გარდაცვალებამდე ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მონიტორინგთან დაკავშირებულ კვლევებს ხელმძღვანელობდა.
პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქცია – რეფლექტორის შექმნაში მონაწილეობისთვის მერაბ თევზაძე “ღირსების ორდენით” დაჯილდოვდა.

მეგობრების, კოლეგების დახასითებით, მერაბ თევზაძე გულით განიცდიდა ყველაფერს, რაც საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის სახელთან იყო დაკავშირებული. მას ერთი დღეც კი არ უცხოვრია მშობლიური უნივერსიტეტის მომავალზე ფიქრის გარეშე. გულწრფელად იზიარებდა გარშემომყოფთა სატკივარსა და გასაჭირს, ძალ-ღონეს არ ზოგავდა მათ დასახმარებლად, უხაროდა ყოველი მათგანისა და მთლიანად უნივერსიტეტის წარმატებები და წინსვლა. იგი ყოველთვის პრინციპული, მიზანდასახული, პირდაპირი, იდეისთვის მებრძოლი, ყოველთვის გულმართალი, კოლეგების მიმართ ზედმიწევნით ყურადღებიანი იყო.

მერაბ თევზაძის ღვაწლი ფასდაუდებელია ქვეყნის წინაშე არა მარტო დაუღალავი შრომისა და საქმიანობის შედეგით, არამედ ეროვნული მნიშვნელობითაც.
 
 

ასევე:

  • 25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა
  • მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა
  • მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 21 წელი შესრულდა
  • მერაბ კოსტავას დაბადებიდან 72 წელი შესრულდა
  • მერაბ კოსტავას დაბადებიდან 71 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge