|
26-05-2010, 01:23
დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 71 წელი შესრულდა. მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა, ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობილმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.
1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მერაბ კოსტავამ - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ - სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის "ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.
მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
|