|
13-11-2011, 01:39
დღეს, 13 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს (ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა). ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ასი ათასი თბილისელი მართლმადიდებლობისთვის XIII საუკუნეში, ჯალალედინის შემოსევისას ეწამა. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.
ხვარაზმელი ჯალალედინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდა თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. ჯალალედინმა კარგად იცოდა, რომ თბილისი საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა და მისი ხელში ჩაგდებით ქვეყანას დაასუსტებდა. ამავე დროს, სმენოდა, რომ თბილისი უმდიდრესი ქალაქი იყო და ესეც იზიდავდა. ჯალალედინი მთელი ჯარით დაიძრა თბილისისკენ, მტკვრის მარჯვენა ნაპირს გამოჰყვა და სოღანლუღს დაბანაკდა. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს.
თბილისი ამ დროს სამი ნაწილისგან - კალას, ისნისა და თბილისისგან - შედგებოდა და მისი აღება არცთუ ისე ადვილი იყო. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი - მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ.
მთავრობის გახიზვნამ ქალაქის მოსახლეობა შეაშფოთა, თავდაცვისუნარიანობა დაეცა. ამას ისიც დაერთო, რომ თბილისის მოსახლეობა ჭრელი იყო. აქ მრავალი ერისა და სარწმუნოების წარმომადგენელი ცხოვრობდა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მათ მემნა ჯაყელს თავი სასიკვდილოდ გაუჩეხეს. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს.
პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, „ბრწყინვალე ძლევაი აჩუენეს ქართველთა“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისში მცხოვრებმა ვითომცდა ქრისტიანმა სპარსელებმა, რომლებიც ნარიყალას მიდამოებში კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი, მტერს განძის კარი გაუღეს და ბრძოლის ბედიც მომხვდურთა სასარგებლოდ გადაწყდა. „იყუნეს უკუე ქალაქსა შინა ტფილისს კაცნი მკვიდრნი ნათესავით სპარსნი, თუ უკუე ჩემებით ქრისტე ქმნილნი“, - წერს ანტონ კათალიკოსი.
ქალაქში მტრის მოულოდნელმა გამოჩენამ ქალაქის მცველნი დააბნია. აბჯრის ასხმაც ვერ მოასწრო მემნამ, ისე გაუპო შინაგანმცემელმა სპარსმა უმუზარადო თავი. ქართველებსა და სპარსელებს შორის გაჩაღდა შინაომი. ქალაქის დამცველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ „უღმრთონი იგი სპარსნი, მკვიდრნი ტფილისს შინა“, რომლებიც მანამდე ქართველთა მოყვარედ აცხადებდნენ თავს, მტრის მხარეზე გადავიდნენ და ხვარაზმელებთან ერთად ატყვევებდნენ და ხოცავდენ თანამოქალაქეებს. მოღალატეთა შორის რუსუდანის ქმარი - რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ძე მოღის-ედინიც იყო. იგი თბილისის დაცემის შემდეგ ჯალალედინს წარსდგომია და ისევ ისე გამაჰმადიანებულა. მასაც, რასაკვირველია, მაჰმადიანობისგან განდგომა უპატიებია და უხვადაც დაუსაჩუქრებია.
1226 წ. 9 მარტს მტერი დედაქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობამ ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. ბოცომ ჯალალედინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ჯალალედინმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. ამიერიდან საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალედინს ჩაუვარდა ხელში.
ჯალალედინის ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჭლეტა. მომხვდურები და უკეთური შინაგანმცემლები სულ გათამამდნენ. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ისინი არ ინდობდნენ ჩვილ ბავშვებსაც კი, დედებს ხელებიდან სტაცებდნენ და ფილაქანზე ანარცხებდნენ. ქუჩები გვამებით გაივსო, სისხლის მდინარეები დიოდა. „საშინელითა აღსპობითა მოსწყუედდეს ბერთა, მოხუცთა, ჭაბუკთა, ყრმათა, და ჩჩვილთა, მამრთა და მდედრთა, განურჩევლად“... „ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა? - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ უსაშინელეს სისხლიან დღეზე, „ჩჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარმოსცვივიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის“... სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარენ დახოცილები, ცხენის ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს ზედ აკლავდნენ. თბილისის ქუჩები, ხრამები და ხნარცვები გვამებით აივსო, ხოლო უმრავლესი მტკვარს მიჰქონდა. „ჰოი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი! ცრემლთა, ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძრვოდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბეს და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყუარელთა შვილთა, ზოგნი - ძმათა და მამათა, ცოლნი - ქმართა, და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა, ცხენთა მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს“.
ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა თვით ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით დახოცეს, ქალწულები შეურაცხყვეს.
ჯალალედინმა ქალაქის მოსახლეობა ორად გაყო - ქრისტიანებად და მაჰმადიანებად. სიონს გუმბათი მოანგრია, ზედ თავისი ტახტი დაადგმევინა.ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, ხიდზე გულაღმა დააწყო და ქრისტიანებს უბრძანა ფეხით შემდგარიყვნენ ხატებზე. ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ჩუენ მეფეს სურს, რომ ქრისტე უარჰყოთ და მისი სჯული დაუტეოთ, ხოლო ხიდზე დადებული ხატები დანერწყვოთ და ფეხის დადებით შეურაცხყოთ. ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, „აჰა, მახვილნი ხელთა შინა ლაშქართა ჩუენთასა“ და უეჭველად უთაოვდ დარჩებაო.
თბილისელები ღირსეულად შეხვდნენ განსცდელს: ნაცნობ-მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს ამხნევებდნენ: „მე უკუე აღვიარებ ძესა ღმრთისასა განხორციელებულსა და განკაცებულსა, ღმერთად შემოქმედად ყოვლისა თანა მამით და სულით წმიდითურთ და მწყურის მისთვის, რაითა შევსვა სასუმელი სიკუდილისა, რაითა მისთანა ვსუფევდე საუკუნოდ“, ხოლო შიშით განლეულებს მოუწოდებდნენ: „ჰოი! საწყალობელნო და უბადრუკნო, თანა მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თქუენთა გურგვინისა მისგან, რომელიცა ესერა წინა-გვიძს მოღებად, დაითმინეთ ჩუენთანა სიკუდილი ქრისტესთვის, რაითა ერთად ღირს ვიქმნეთ შესლვად სიწმიდესა მას შინა, სადა იგი წინა-მორბედად ჩუენთვის შევიდა იესუ, ღმერთ-მამაკაცი იგი, მღდელი და მეფეი“. შემდეგ მტარვალებს მიმართეს: ნუღა აყოვნებთ თქვენდამი ბრძანებულის აღსრულებას, რადგან ჩუენ ყველანი ქრისტიანები ვართ და გვწამს ცხოველსმყოვფელი სამებისა და მზად ვართ მისთვის მოვკვდეთ. არც ჩუენს შემოქმედს უარვყოფთ, რომელმაც დაგვბადა და არც ჩუენს უფალს იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ხორცით ივნო, და მისი უხრწნელი დედის წმინდა და პატიოსან ხატებს შეურაცხვყოფთ, არამედ ძრწოლით თაყვანის-ვსცემთ.
ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ. დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ჯერ უნდა დაენერწყვათ და მერე ფეხი დაედგათ ხატებზე, იმ ხატებზე, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება მოკრძალებული ამბორით თაყვანს სცემდნენ და რომელთა წინ ბავშვობიდან მხურვალედ ლოცულობდნენ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, წმინდა ხატები კი არ შეურაცხყო, არამედ მდაბლად თაყვანი სცა და სიკვდილის წინ უფალს სული შეავედრა.
ხატების შეურაცხყოფაზე უარის შემთხვევაში, თბილისელებს თავებს სჭრიდნენ და წყალში ყრიდნენ. არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. ჯალალედინი სიონზე დაშენებულ „ბილწ საჯდომზე“ იჯდა და იქიდან დასცქეროდა, როგორ დაუნდობელად ჩეხდნენ მისი მებრძოლები ქრისტეანებს, ზოგი მახვილით, ზოგიც ხმლით, ზოგიც შუბითა და დანით და ხიდიდან ყრიდნენ მკვდრებსა და დაჭრილებს. ხატები წამებულთა სისხლით დაიფარა, ხოლო მტკვარი გვამებით ისე ამოივსო, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასლვა ფეხის დაუსველებლად შეიძლებოდა.
როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. საგულისხმოა, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი მოწყდა ურჯულოთაგან იმ დღეს და არ აღმოჩენილა ქრისტიანთა შორის ისეთი, ვინც გაკადნიერდებოდა და სიწმინდეებს შეურაცხყოფდა.
ხიდი,რომელიც ასი ათას მოწამეს გზით უნდა გაევლო, დღეს უკვე აღარ არსებობს. 1951 წელს აქ ახალი ხიდი ააგეს. მტკვარზე კაშხლის აშენებამ მეტეხის კლიდის რვა მეტრიც დაფარა,მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც წყლის დონე კლებულობს, აქ ძველი ხიდის აგურით ნაშენი ბურჯები ჩანს. ძველი გადასასვლელი ქართველებს ზუსტად მტკვრის ყველაზე ვიწრო ადგილას აეგოთ. მტრის შემოსევებისას ხის ხიდს მდინარეში უშვებდნენ. დამპყრობლებისთვის ძალიან მოუხერხებელი იყო კლდოვანი ნაპირი. ამ გადასასვლელს, სტრატეგიულთან ერთად, დიდი სულიერი მნიშვნელობაც ჰქონდა. ძველი ხიდის თავში, სადაც ასი ათასი მოწამე აწამეს, ახლა ტაძარი შენდება. პატარა ეკლესია საბოლოო სახეს მალე მიიღებს. ყოველ 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეტეხის ხიდზე უამრავი მორწმუნე იკრიბება. |
|