|
7-01-2014, 14:14
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წუხელ, 23:00 საათზე დაიწყო. წაკითხული იყო საშობაო ეპისტოლე, ხოლო 00:00 საათიდან საზეიმო წირვა შესრულდა.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დამთავრდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე, მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით არასამარხვო საკვების მიღება შეუძლია.
ქრისტესშობა (შობა) ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა ეკლესია აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით, 7 იანვარს.
ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფო აღარ იყო და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი და იქ ჩაეწეროსო.
იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსები ავდრის დროს საქონელს აფარებდნენ.სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებოდა.
ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი - ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: "ნუ გეშინიათ, მე გახარებთ დიდ სიხარულს, - დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს". რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში. როცა მწყემსები გონს მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესო და თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს.
შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისაიყო მის ზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში, რომელიც მშვენივრად შეისწავლა. |
|