|
19-01-2010, 03:02
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაული ჰქვია. ამ დღეს განცხადდა ყოვლადწმინდა სამება: ძე ღვთისა, იესო ქრისტე, ნათელს იღებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მდინარე იორდანეში, სულიწმინდა მტრედის სახით თავზე ადგას მას და ისმის ხმა მამაზეციერისა: ”ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელების თვისებებს იძენს. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს. 19 იანვარი ქვეყანაში დასვენების დღედ გამოცხადდა. 18 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს, ერთდღიანი მარხვაა. ნათლისღების სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეასრულებს. |
|