დღეს ნათლისღებაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ნათლისღებაა კულტურა, სპორტი
19-01-2013, 12:49
დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება. ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზედაც უფალმა მიუგო: "დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე".

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, "წყლის ბუნება" გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.
 
 

ასევე:

  • ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
  • დღეს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება
  • მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
  • ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge