მართლმადიდებელი სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მართლმადიდებელი სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
7-01-2011, 00:44
დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით დაიწყო.

11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე საქველმოქმედო ორგანიზაცია ”მკურნალში” მცხოვრებ ახალგაზრდებს შობის დღესასწაულს მიულოცავს. დავით კერესელიძე იქ მცხოვრებ პირებსა და მათ შვილებს ტკბილეულითა და სათამაშოებით დაასაჩუქრებს. ”მკურნალში” სულ 16 მიუსაფარი პირი ცხოვრობს.

სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი" და ჰიპერმარკეტი "გუდვილი" საგანგებოდ მზრუნვლობამოკლებული ბავშვებისთვის გრანდიოზულ, 400-კილოგრამიან, 5 მეტრის სიგრძის საშობაო ტორტს გამოაცხობენ. 12:00 საათზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" ნაძვისხესთან, გრანდიოზულ საკონდიტრო ნაწარმს ექვსი მზრუნველობამოკლებული ბავშვთა სახლის 150 აღსაზრდელი დააგემოვნებს. ტორტის ზედაპირი მთლიანად ზღაპრების თემატიკის მიხედვით იქნება მორთული, საშობაო გაფორმებით, ქოხებით, მულტფილმების პერსონაჟებით. საზეიმო ტორტთან ერთად პატარებს საგანგებოდ მათთვის მომზადებული გასართობი პროგრამა და სანტა კლაუსიც ელით. ბავშვებს საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად პროფესიონალი ანიმატორები გაართობენ. "ასეთი ზომის საკონდიტრო ნაწარმი საქართველოში ჯერ არ შექმნილა და იგი ჩვენი კომპანიისგან მზრუნველობამოკლებული ბავშვების საშობაო საჩუქარია. ბავშვები წყნეთიდან, კოჯრიდან, თბილისიდან, საგურამოდან და რუსთავიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიყვანეთ", - აცხადებს არდი ჯგუფის პრეზიდენტი არმაზ თავაძე. გრანდიოზული ტორტის დიზაინი, 5 მეტრის სიგრძის ზედაპირზე პატარა ქალაქის საშობაო ზღაპარს წარმოადგენს. კონდიტერების განცხადებით, ტორტში 1400 ცალი კვერცხი, 80 კილოგრამი ფქვილი, 56 კილოგრამი შაქარი, 55 კილოგრამი კრემი, 26 კილოგრამი თეთრი შოკოლადი, 43 კილოგრამი ნაღები, 35 კილოგრამი ჟოლო და 22 კილოგრამი კარაქია გამოყენებული და საქართველში მას ანალოგი არ გააჩნია. გუდვილის მენეჯმენტის განცხადებით, გრანდიოზული საშობაო ტორტის შექმნის და ახალი რეკორდის დამყარების იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ "არდი ჯგუფთან" ერთად ერთობლივი პროექტი სიამოვნებით განახორციელეს. " "არდი ჯგუფის" შემოთავაზებას გრანდიოზული საშობაო ტორტის შექმნაზე უყოყმანოდ დავთანხმდით და მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ", - აცხადებს გუდვილის გენერალური დირექტორი ნუგზარ მაღულარია. დაგემოვნების შემდეგ ტორტი კიდევ რამდენიმე თანაბარ ნაწილად გაიჭრება და ორივე კომპანიის სახელით იმ ბავშვებს დაეგზავნებათ, რომლებმაც ზღაპრულ ზეიმზე დასწრება ვერ შეძლეს.

14:00 საათზე ვარდების რევოლუციის მოედნიდან ტრადიციულად საშობაო ალილო დაიწყება. როგორც საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებაში განაცხადეს, მსვლელობას ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას გაივლიან და საპატრიარქოში მივლენ, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მათ დალოცავს. საპატრიარქოდან მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, ხოლო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლისთან მივა, სადაც მათ მიხეილ სააკაშვილი შობას მიულოცავს და ტკბილეულს გადასცემს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სამინისტრო საშობაო აქციას გამართავს. სამინისტროს ორგანიზებით, 700-მდე ბავშვი (სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების მცირეწლოვანი წევრები; თბილისის მზრუნველობამოკლებულ სახლთა აღსაზრდელები) შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ზღაპარ "სალამურას" ნახავს. ვლადიმერ ვარძელაშვილი თეატრში შეკრებილ ბავშვებს შობასა და ახალ წელს მიულოცავს.

ქრისტესშობა (შობა) ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა ეკლესია აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 7 იანვარს.

ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფო აღარ იყო და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი და იქ ჩაეწეროსო. იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსები ავდრის დროს საქონელს აფარებდნენ. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებოდა. ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი – ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: "ნუ გეშინიათ, მე გახარებთ დიდ სიხარულს, - დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს“. რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში. როცა მწყემსები გონს მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესო და თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს. შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისაიყო მის ზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში, რომელიც მშვენივრად შეისწავლა.
 
 

ასევე:

  • მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
  • ხვალ შობაა
  • დღეს შობაა
  • ეკლესია მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
  • მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge