|
1-02-2012, 23:52
ფიჯის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიჯის რესპუბლიკას საქართველოში წარმოებული 200 ნეტბუკი საჩუქრად გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.
ფიჯის მხარემ საჩუქრისთვის საქართველოს მთავრობას ოფიციალური მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს საჩუქარი დროული იყო ფიჯისთვის, რადგან წელს დაიწყეს განათლების სისტემის რეფორმირება და ამ პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული.
ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ფიჯის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან. დელეგაციის წევრებმა აგრეთვე, მოინახულეს ფიჯის საჯარო სკოლები.
ფიჯის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ორგანიზებულ თითოეულ შეხვედრაზე მასპინძლები ინტერესდებოდნენ როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მდგომარეობით ისე, მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებით. მათი განცხადებით, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებისაგან მიღებული ინფორმაცია ძალზე დიდ დახმარებას გაუწევს ფიჯის რესპუბლიკას განათლების რეფორმის განხორციელებაში. mes.gov.ge |
|