საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვია. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა.
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სწავლების დარგში ლევან კლიმიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე და სხვები. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის განათლების სისტემებს, ბოლონიის პროცესს, მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ არმენ აშოტიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის მოწვევით იმყოფება. თამარ სანიკიძემ სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გუშინ გამართა.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
სომხეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმართება რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან, ასევე, ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ქართულ და სომხურ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სომხეთის სამი მოქალაქე სწავლობს. ნარეკ საფარიანი, ნარეკ პეტროსიანი და დიანა პეტროსიანი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას ეუფლებიან (ინგლისურენოვანი სწავლება).