|
3-02-2012, 00:22
პოლონეთში, ქალაქ კოშალინში, ვლადიმერ ვისოცკისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც, წელს პირველად, საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა.
ფესტივალს საქართველოდან ვისოცკის პროზაული ნაწარმოებების მთარგმნელი, მწერალი ირმა მალაციძე დაესწრო. მალაციძის მიერ ნათარგმნი წიგნი გამომცემლობა "სიესტამ~ 2009 წელს გამოსცა. მასში შესულია ვისოცკის ცხრა მოთხრობა, მათ შორის, კინომოთხრობა "ვენური არდადეგები". სწორედ ასე ეწოდება კრებულსაც.
ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკის, ერაყის, ისრაელის, ლატვიის, რუსეთის, ნორვეგიის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, მუსიკალური ჯგუფების კონცერტები, აგრეთვე, მოეწყო მხატვრული ფილმის - "მადლობა, რომ ცოცხალი ხარ" - ჩვენება, რომელიც ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ეხება.
როგორც ირმა მალაციძემ განაცხადა, ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი პოეტის თაყვანისმცემელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მარლენა ზიმნამ გახსნა საკუთარ ბინაში. როგორც თავად აღნიშნავს, ვლადიმერ ვისოცკის ლექსები პირველად 22 წლის წინ წაიკითხა ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში და იმ დღიდან მისი შემოქმედების მოტრფიალედ იქცა.
"დღეს გატაცება უკვე მის მთავარ საქმიანობადაა ქცეული. უკვე ათი წელია, რაც ყოველწლიურად, ვისოცკის დაბადების დღეზე, კოშალინში ფესტივალს ატარებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ _ სრულიად განსხვავებული პროფესიის და ასაკის ადამიანები, რომელთაც ვისოცკის შემოქმდება აერთიანებთ. მათ შორის არიან მუსიკოსები, ლიტერატორები, მკვლევრები, უბრალოდ მოყვარულები, რომლებიც კარგად იცნობენ ვისოცკის შემოქმედებას", - განაცხადა ირმა მალაციძემ.
მისი განცხადებით, ზიმნას მუზეუმში პოეტის შემოქმედებასთან დაკავშირებული 15 000 ექსპონატი ინახება: წიგნები, აუდიოვიდეოჩანაწერები, საგაზეთო პუბლიკაციები, სუვენირები, ფოტოები. ის მთელ მსოფლიოში დაეძებს ადამიანებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჯერ კიდევ უცნობი ფოტო, ან თარგმნიდნენ ვისოცკის ნაწარმობებს სხვადასხვა ენაზე. |
|