|
14-04-2012, 21:32
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ.
1978 წელს ქართული ენა კვლავ სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში "მცირე ენების" გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი წინ აღუდგა და ენის ღირსების დასაცავად თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი და შუააზიის რესპუბლიკები ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 ათასამდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა თვითმპყრობელობამ უკან დაიხია. ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ სუსლოვისგან მითითება ჰქონდა, ისე მოჰქცეოდა დემოსტრანტებს, როგორც არმია _ ამბოხებულებს, ანუ უნდა გაეხსნათ ცეცხლი.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეეები ხელისუფლებისგან საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რისი პირობაც მათ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მისცა. შესაბამისად, კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ 1801 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, აკძალულად ითვლებოდა. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე საქართველოს ყველა სასწავლებელში, მათ შორის, სასულიერო სასწავლებლებში, სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა გასაბჭოების შემდეგ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი არსად დაფიქსირებულა. იგი მხოლოდ 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციით განისაზღვრა. |
|