|
14-04-2010, 00:23
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იგეგმება. ღონისძიების ფარგლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებგვერდის ("ქართული ენა") პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ლალი ეზუგბაია წარადგენს. ახალი ვებგვერდი ფართო საზოგადოებას ქართული ენის შესახებ მიაწვდის აკადემიურ ინფორმაციას, ქართული ენის სტანდარტიზაციას ხელს შეუწყობს, მომხმარებელს მიაწვდის პრაქტიკულ ენობრივ რეკომენდაციებს, შესთავაზებს სასწავლო კურსებსა და ლექსიკონებს. ვებგვერდს ექნება ფორუმი, სადაც ქართული ენის უფლებების, საკანონმდებლო ბაზისის, ენობრივი სიწმინდის დაცვისა და სხვა საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე დისკურსი გაიმართება. ასევე, უკუკავშირის საშუალებით, მომხმარებლის შეკითხვებს პასუხს გასცემენ სპეციალისტები.
14 აპრილსვე დაგეგმილია მანანა ბუკიას ნაქარგობის - ხატების გამოფენა "აღდგომიდან აღდგომამდე", რომელიც 4 აპრილს - აღდგომის დღესასწაულს და 14 აპრილს - ქართული ენის დღეს სიმბოლურად აკავშირებს.
12:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ენის დღე თსუ-ში გამოფენით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სხდომის ოქმი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქართული სალიტერატურო ენის ისტორია და დღევანდელობა, აქტუალური პრობლემები“. დედაენის დღეს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. დედაენის შესახებ საუკეთესო ლექსისა და მოთხრობის ავტორის გამოსავლენი კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტის ბოლოს გამოცხადდა.
12:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის საპრიზო ადგილებსა და ნომინაციებში გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან. ყველა ფინალისტს გადაეცემა სიგელი. გამარჯვებულ მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე დიპლომებსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემს. ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსის მონაწილეებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სამხატვრო აკადემია, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და სხვა ორგანიზაციები. მონაწილეთა ნამუშევრების შეფასება უზრუნველყო კვალიფიციურმა ჟიურიმ.
დედაენის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. კონკურსი “ქართული კალიგრაფია“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “წამის“ ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები. პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც. კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
ქართული ენის დღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ღონისძიებებით აღნიშნავს. 14:00 საათზე დედაენის ძეგლთან გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელსაც ორგანიზატორებმა სიმბოლურად "შეცდომების გამოფენა“ უწოდეს. წარმოდგენილი იქნება ფოტოობიექტივით დაფიქსირებული ის სარეკლამო ფირნიშები თუ აბრები, სადაც უხეშადაა დამახინჯებული ქართული ენა. "ამით კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, რომ ყოველდღიურად დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. 15:00 საათზე კი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრები “შერატონ მეტეხი პალასში“ შეიკრიბებიან, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები "ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბს“ ოფიციალურად დააფუძნებენ.
18:45 საათზე კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზაში“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს ქართული სიმღერის საღამოს, რომელზედაც უნივერსიტეტის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი "ქალგულო“ შეასრულებს ქართულ ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. ანსამბლის ხელმძღვანელია პროფეროსი გომარ სიხარულიძე, პედაგოგები _ ნინო სიხარულიძე და ბადრი ტუღუში.
14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.
75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, ასეთი იყო: "საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება".
ამგვარად, კრემლმა საბჭოთა რესპულიკებში სახელმწიფო ენად ერთი ენის - რუსულის - გამოცხადება გადაწყვიტა. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის თქმით, იდეის ავტორი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბრეჟნევის თეორეტიკოსი მიხეილ სუსლოვი იყო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა მას პირადად განუმარტა, რომ საქართველოში იდეის რეალიზაცია სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევდა. ”კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება”, - იყო პასუხი. შევარდნაძე მაშინ ბრეჟნევსაც შეხვდა. ბრეჟნევი შეჰპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში, საქმეში ჩაერეოდა. ”დავბრუნდი და პირადად მოვახდინე კონსტიტუციის პროექტის შესწავლის ინიცირება”, - გაიხსენა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ მის ინიციატივას პირველები მწერლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნას დამღუპველად არ მიიჩნევდნენ, თუკი, სუსლოვის დაპირებისამებრ, კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ პარტია იზრუნებდა ქართული ენის განვითარებაზე. ასეთები იყვნენ, მაგრამ იყვნენ სხვებიც და დაიწყო სერიოზული მოძრაობა ქართული ენის სტატუსის გადასარჩენად. ამ მოძრაობის ავანგარდში უნივერსიტეტი იყო.
მართლაც, კრემლის ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი ხდებოდა. საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის განზრახვის სისრულეში მოყვანას მთელი საქართველოს მოსახლეობა აღუდგა წინ. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-იდან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ.
14 აპრილს, როცა საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რუსთაველის პროსპექტზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ზემელზე შეიკრა უნივერსიტეტიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, კონსერვატორიიდან და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან წამოსული სტუდენტობა, მათ შეუერთდა სხვადასხვა ორგანიზაციაში შეკრებილი ხალხი. სტუდენტებს მოჰქონდათ პლაკატები, რომლებზედაც მათივე სისხლით ეწერა „აი ია“. თვითმხილველები და აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ზღვა ხალხი მაშინდელი კომპარტიის უმაღლესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. კომპარტიის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას ამტკიცებდა. შევარდნაძეს ინფორმატორებისგან ცნობა ცნობაზე მისდიოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა გარეთ.
ვითარება ხელისუფლებისთვის უმართავი ხდებოდა. საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი გენერალური მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე, ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.
“უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს არ სჯეროდათ”, _ იხსენებს შევარდნაძე.
თვითმხილველთა მონათხრობის თანახმად, აკაკი ბაქრაძე გამოვიდა და თქვა, მოსკოვიდან მოვიდა მიმართვა და კონსტიტუციაში დარჩება მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. მაინც არავის სჯეროდა, სანამ თვითონ შევარდნაძე არ გამოვიდა.
მომიტინგეები მოწესრიგებულად მოქმედებდნენ. მათში ძლიერი იყო სულისკვეთება, დაეცვათ ქართული ენის სტატუსი. აქციის აქტიური მონაწილე იყო თამარ ჩხეიძე. იმდენად აქტიური, რომ უშიშროების წარმომადგენლებმა მის სახლში ჩხრეკა 14 აპრილამდე ჩაატარეს. 30 წლის წინანდელ მოვლენებს თამარ ჩხეიძე ასე იხსენებს: “თუკი, ზოგადად, ასეთი რამ არ ჩანდა და შეშინებული იყო საზოგადოება, დადგა მომენტი, როცა შიში განაგდეს, გონივრულად განახორციელეს ეს აქცია და მიიღეს კიდეც შედეგი. ეს შედეგი გავრცელდა სხვა რესპუბლიკებზედაც”.
კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსი შეენარჩუნებინათ.
საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა მოითხოვა. ეს მოთხოვნა უარყოფილ იქნა, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დათმობა მაინც გაკეთდა.
1978 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო _ სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
მსგავსი მოვლენები 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც მოხდა. იმ დღეს უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე “გამქრალი იყო“ მუხლი ქართული ენის შესახებ.
1936 წლის კონსტიტუციის მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო: 1801 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, აკძალულად ითვლებოდა. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე საქართველოს ყველა სასწავლებელში, მათ შორის, სასულიერო სასწავლებლებში, სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა გასაბჭოების შემდეგ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი არსად დაფიქსირებულა. იგი მხოლოდ 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციით განისაზღვრა.
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მის პარალელურად სახელმწიფო ენად აღიარებულია აგრეთვე აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენას და საერთოდ, ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).
თანამედროვე ქართულ ენაში არის შვიდი ბრუნვა, მრავალპირიანი უღლება. ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის განმავლობაში იგი არაერთფეროვანია. განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას, ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები _ ქართლური და კახური დაედო. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, სილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხატვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.
ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი _ როგორც ორენოვანი (თარგმნითი) ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკა განუწტყვეტლივ იზრდება. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი.
|
|