26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ---
26-05-2012, 00:54
დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის საზეიმო სხდომა გაიმართება. ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომის გამართვის შესახებ, პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. 17:00 საათზე პარლამენტი საზეიმო სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე სტუმრები, მათ შორის ელჩები, საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან მიწვეული. სხდომის შემდეგ, 18:00 საათზე ქუთაისში სამხედრო აღლუმი გაიმართება. მანამდე კი პრეზიდენტი თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმზე დასწრებას გეგმავს. ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც მშენებლებთან შეთანხმებული იყო. გრაფიკის მიხედვით კი, 26 მაისს სხდომათა დარბაზი და შემოსასვლელი მზად იქნება. სხდომის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალაკონცერტი განახლებულ მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართება. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის დასის მიერ წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ეროვნულ-ნაციონალური პროგრამა, საქართველოს ყველა კუთხის ცეკვებით და ბევრი სიურპრიზით მაყურებლისთვის.

ქართული წარმოების პოპულარიზაციის მიზნით, რუსთაველის გამზირზე "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში" გაიმართება, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შეიქმნას ისახავს მიზნად. "ესაა ღონისძიება, რომლის ფარგლებში ასეულობით საწარმო მონაწილეობს. მათ საშუალება ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, ნაწარმი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში გამართულ სამრეწველო აღლუმზე მნიშნელოვან ადგილს საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა დაიკავებს. "განსაკუთრებულ ადგილს აღლუმზე ვფიქრობ, დაიკავებს ქართული სამხედრო წარმოების ტექნიკა. ეს არის "ლაზიკა" და "დიდგორი", უპილოტო თვითმფრინავები და სხვა სახის ტექნიკა. ასე რომ, ერთი დღის განმავლობაში ჩვენს თანამამულეებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ საქართველოში დამზადებული ყველა პროდუქტი, ნაწარმი, რომელიც ქართულია და ადგილობრივია", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისი ყვავილების ფესტივალს უკვე მერვედ უმასპინძლებს, რომელიც 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. ფესტივალში 100-მდე კომპანია და კერძო კოლექციონერი მიიღებს მონაწილეობას. ყვავილების ფესტივალზე მისულ ადამიანებს ნებისმიერი ყვავილის შეძენა შეეძლებათ.

12:00-იდან 19:00 საათამდე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვარდების რევოლუციის მოედანზე ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლი "როკვა", ანსამბლი "ქალგულო", ქორეოგრაფიული ანსამბლი "შეჯიბრი", ვოკალური ანსამბლი "ურმული", ვოკალური ანსამბლი "ლაშარი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი 2", ქორეოგრაფიული ანსამბლი "პატარა ერისიონი", პატარა მედოლეები, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "მძლევარი", თსუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი "მეტეხი", ვოკალური ანსამბლი "საგალობელი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "იმედი" და ლატვიის ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლი "დრუვა". ანსამბლი "დრუვა" წარმოადგენს საკონცერტო პროგრამას - "სალდუს მთის წვერზე", "აი, როგორ ვცხოვრობთ" და "მხიარულმა ვიცხოვრო". ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ფესტივალ "მეორე სიცოცხლის" მეოთხე სერიას ყოფილი გამომცემლობის შენობა უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სემინარი და ვორკშოპი ელექტრონული მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CES) ლექტორები ჩაატარებენ. 16:00 საათზე ფესტივალის მთავარი ნაწილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელიც "გამომცემლობის" შიდა ეზოში დაიწყება. კონცერტში მონაწილეობს 6 ქართველი და 3 მოწვეული დიჯეი: გრინბიმი და ლეონი, თორნიკე ჩოხელი, თომა, ბერო, კიდიკი, იორის სიოპისი, ამბივალენტი. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარები და მაისურები, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ასევე წარმოდგენილი იქნება ლუდის კუთხე, სადაც ლუდთან ერთად სტუმრებს ცნობილი შეფმზარეულის, თამარ კიკალეიშვილის მომზადებული სენდვიჩების, ბარბეკიუებისა და სალათების დაგემოვნება შეეძლებათ. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა "მეორე სიცოცხლე" სტარტი 2010 წლის ნოემბერში ჭიათურაში აიღო. მას შემდეგ ფესტივალი ჩატარდა თბილისში და წყალტუბოში. "მეორე სიცოცხლის" მთავარი მიზანია, განავითაროს ელექტრონული მუსიკა და თანამედროვე ხელოვნება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ასევე, გამოიყენოს ძველი, ტექნიკური შენობები კულტურული დანიშნულებით და მიანიჭოს მათ "მეორე სიცოცხლე". ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-ისგან.

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. იგი შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.

1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ. ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა. ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას აღწერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. მიიღეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ნათქვამი იყო: "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო: მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი, შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი, სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე, ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული, იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი, სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი, მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი, მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 3 წელიწადს, 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება.
 
 

ასევე:

  • 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
  • 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
  • საქართველოს ოკუპაციიდან 92 წელი შესრულდა
  • ძმათა სასაფლაოზე გაიმართა აქცია საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ
  • შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge