|
27-08-2012, 01:36
ხვალ მარიამობაა. ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.
მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია. მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახ. სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.
ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი. იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: "ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!". იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა:"მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თჳსა" (იოან. 19: 25–27). ამის შემდეგ "საქმე მოციქულთა" გვაუწყებს, რომ ღვთისმშობელი ლოცულობდა მოციქულებთან ერთად (საქმ. 1: 14) და სულთმოფენობის დღეს, მათთან ერთად მიიღო სულიწმიდას ნიჭი (საქმ. 2: 1–14).
ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის (აგრიპა I) მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზედაც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი იერუსალიმს დაუბრუნდა.
ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და მარიამს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისთვის მზადება დაიწყო.
მოციქულები ამ დროისთვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების - დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა - თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. ისეო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.
მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.
არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელიწადს და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენე გადმოგვცემენ. მათ ეთანხმებიან წმ. ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მარიამმა სიბერემდე იცოცხლა. ამავე აზრს იზიარებენ სხვა მკვლევრებიც.
უცნობია, ზუსტად როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამათგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტოსს ეკუთვნის.
ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტოსის (გ. დაახ. 1350) ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის (დაახ. 539—602) მეფობის დროს, 582 წელს დაწესებულა, მაგრამ უფრო საფიქრებელია, რომ მავრიკიოსის დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა. ამ ცნობის მიხედვით, 595 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნა დაწესდა 15 აგვისტოს, ამ დღეს მავრიკის სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად.
შემორჩენილია მიძინების დღესასწაულისადმი მიძღვნილი V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საეკლესიო საგალობელი. ამავე დღესასწაულს ეძღვნება საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VIII ს.) და იოანე დამასკელს (VII–VIII სს.) მიეკუთვნება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, როგორც ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ–ერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას, ეკლესია მარხვით ხვდება.
მარიამობის მარხვა 1-ლი (ახ. სტ.14) აგვისტოდან იწყება და 15 (ახ. სტ. 28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.
ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნეოდა, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო იყო - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხ დღეს გრძელდებოდა.
როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების განმვლობაში მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის მარხვით საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. ანასტასი კესარიელის ცნობით, მარიამობის მარხვა საყოველთაო მარხვად დაახლოებით ლეონ ფილოსოფოსის მეფობის (886–912) დროს დაწესებულა, ანუ მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანე VI–ისა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ანტიოქიის ცნობილი პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (1193—1199) სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.
რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა (1157—1170) ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისთვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენ დღეს უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზედაც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (ახ. სტ. 15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (ახ. სტ. 28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.
საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება (მარიამობა) ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. საქართველოს შრომის კოდექსის მე–20 მუხლის თანახმად, 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა) უქმე დღედაა გამოცხადებული. |
|