|
28-08-2010, 12:42
დღეს, 28 აგვისტოს, ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა სიონობაზე, ანუ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, დღეს თითქოს სამგლოვიარო დღე უნდა ყოფილიყო, თუმცა ღვთისმშობელმა მხოლოდ მიიძინა და სრულიად საქრისტიანოს დაუბარა, რომ მარად იქნება თითოეულ ქრისტიანთან. "ყველას არ ესმის ის მადლი, რომელიც გადმოდის საქართველოზე; მადლი, რომლითაც იფარავს ღვთისმშობელი საქართველოს. ეს რომ ყველას კარგად ესმოდეს, მაშინ უამრავი ქართველი უცხოეთში არ წავიდოდა. ბედნიერება უცხოეთში არ უნდა ვეძიოთ. აქ არის ჩვენი ბედნიერება", - ბრძანა პატრიარქმა. მისი თქმით, საქართველო არის დავითიანნი, რაც ღვთისგან შეყვარებულს ნიშნავს. "ჩვენი ცოდვების მიუხედავად, ვუყვარვართ უფალს და მრავალ დაცემას ჩვენსას მოსდევს ფეხზე წამოდგომა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ყველა ქართველი დაუბრუნდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით დემოგრაფიის სპეციალისტებს, რომლებმაც საგანგაშო ინფორმაცია მომაწოდეს - უცხოეთში წასულ ყოველ ქართველთა მეორე თაობა უკვე ივიწყებს ქართულს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მეზობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ღვთისმშობელი განსაკუთრებულად იფარავს და საქართველოსთვის ტკივილის მიყენების უფლებას არავის მისცემს. უწმინდესის თქმით, არსად, არც ერთ ქვეყანაში, ისე არ სცემენ თაყვანს ღვთისმშობელს, როგორც - საქართველოში. უწმინდესმა გაიხსენა მოციქულთა ძველი წესი, რომლებიც იკრიბებოდნენ ტრაპეზზე და ორ სკამს ყოველთვის ტოვებდნენ თავისუფალს - ერთს მაცხოვრის, ხოლო მეორეს ღვთისმშობლისთვის, რადგან სწამდათ, რომ ერთიც და მეორეც უხილავად ყოველთვის მათთან ერთად იყო. უწმინდესმა გაიხსენა ქართული სუფრის უნიკალური ტრადიციაც და მრევლს სთხოვა ამის აღდგენა. პატრიარქის თქმით, პირველი სადღეგრძელოთი ქართველი კაცი ყოველთვის ადიდებდა უფალს, წმინდა სამებას, იყო სადიდებლად მამის, ძისა და წმინდისა სულისა, ხოლო სუფრა მთავრდებოდა ღვთისმშობლის სადიდებელი სადღეგრძელოთი. "ამ ზღუდეში ვართ ჩვენ მოქცეული - ღვთისმშობლისა და უფლისა. ნურავის ნურაფრის შეგეშინდებათ. უნდა იცოდეს ჩვენმა მეზობელმა, დიდმაც და პატარამაც, რომ ღვთისმშობელი იფარავს საქართველოს და არავის აპატიებს ჩვენი ქვეყნისთვის ტკივილის მიყენებას. ამისი ცხადი მაგალითი მრავალჯერ ვნახეთ ", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა მრევლს წინაპრების მოძიებისა და მათი მოხსენიების კურთხევა მისცა. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, მოიძიონ და შეკრიბონ თავიანთი წინაპრების სახელები და გვარები, ჩამოწეროს ისინი ორ ეგზემპლარად; ერთი ეგზემპლარი საპატრიარქოს გადაეგზავნოს, ხოლო მეორე თავად დაიტოვონ და წინაპრები კვირაში სამჯერ მაინც მოიხსენიოს. "შევავედროთ ჩვენი წინაპრები უფალს, ამით ჩვენ დიდ მადლსა და წყალობას მივიღებთ ღვთისგან. არსებობს კავშირი გარდაცვლილთა და ცოცხლებს შორის. გარდაცვალების წინ ადამიანი ხშირად მის წინაპრებს, მის გარდაცვლილ ნათესავებს ხედავს. ეს არ არის მოჩვენება. სულისა და ხორცის განშორება ძალიან რთულია, რადგან ადამიანი დაბადებულია უკვდავად და მხოლოდ ცოდვის გამო გახდა მოკვდავი", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, საქართველოში ადამიანები ხშირად ვარდებიან ორ უკიდურესობაში ძალიან აქებენ საკუთარ თავს ან აძაგებენ. სინამდვილეში კი ყოველ ადამიანს სამი სახე აქვს. "პირველი ეს არის სახე, როგორსაც ვხედავთ ჩვენ თავს. მეორე სახეა - როგორც უცხოები გვხედავენ, ხოლო მესამე - რაც ვართ სინამდვილეში. უნდა ვეცადოთ, ვიყოთ, რაც ვართ სინამდვილეში, ხოლო რაც სინამდვილეში ვართ, ამის სრულყოფას უნდა მივეჩვიოთ", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა წირვის შემდეგ დალოცა ქართველი ერის წინაპრები, დალოცა ახალგაზრდები, ქართული ჯარი, პრეზიდენტი, მთავრობა, საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი.
დღევანდელ წირვაზე იკურთხა ერთი დიაკონი და ერთი მღვდელი მამა გიორგი, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდან არის. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მამა გიორგის გული არა აქვს თავისი მტრების სიძულვილით სავსე, მას უყვარს თავისი მტერი. პატრიარქმა კიდევ ერთხელ ისურვა, რომ მამა გიორგის, როგორც თითოეულ დევნილს, მალე ღირსებოდეს აფხაზეთში დაბრუნება.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში სხვადასხვა სოციალური აქციაც განხორციელდა.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მარტოხელა პენსიონერებს მარიამობის დღესასწაულს მიულოცა. კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათისი ასოციაცია "კათარზისს" ეწვია და იქ მყოფ სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 24 აგვიტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ასოციაცია "კათარზისის" მეურვეობის ქვეშ მყოფ 385 მარტოხელა პენსიონერს ცხელი სადილით უმასპინძლდება. კომპანია, ასოციაცია "კათარზისთან" ერთად, მსგავს ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს.
მარიამობის ბრწინვალე დღესასწაულზე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი ხურვალეთის ჩასახლებას ეწვივნენ და იქ მცხოვრებ დევნილებს შეშა დაურიგეს. “რუსული აგრესიის შედეგად დევნილი 139 ოჯახისთვის მომავალი ზამთრის სეზონი შარშანდელზე უკეთესი იქნება", - აცხადებს გუბერნატორი. ხურვალეთის ჩასახლებაში 100 კუბური მეტრი შეშა შეიტანს. იძულებით გადაადგილებულ პირებს შეშა უფასოდ დაურიგდათ. ხურვალეთის შემდეგ მსგავსი ღონისძიება სკრასა და საქაშეთის ჩასახლებებშიც განხორციელდება. ბუნებრივი აირის გარეშე არსებულ ჩასახლებებში შეშა რამდენიმე თვის წინაც შეიტანეს და ეს პროცესი ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.
საეკლესიო განმარტებით, ღვთისმშობლის მიძინება უფლის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც წმინდა მარიამი მიძინებამდე ცხოვრობდა. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ხდება ღვთისმშობელთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან.
ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ქრისტეს მიმდევრებმა უფალთან დიდი შემწე და მეოხი შეიძინეს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება - უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა. ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა. ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა. |
|