|
28-11-2012, 13:39
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ქართველი მამულიშვილის, ცნობილი მეცნიერის, სასულიერო პირისა და საზოგადო მოღვაწის - ივანე გვარამაძის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია - "ევროპული კვლევები და საქართველო" - ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე 1831 წლის 17 ოქტომბერს პავლე გვარამაძის, ვალეში მცხოვრები ქართველი კათოლიკეს ოჯახში დაიბადა.
დაწყებითი სკოლის დასრულების მერე მიაშურა სტამბოლს, სადაც ქართველმა განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს ახალი დაარსებული ჰქონდა (1850-იანი წლებიდან) სამონასტრო სასწავლებელი ფერი-ქოა. შემდეგ სწავლა ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში გააგრძელა.
1860-იანი წლების დამლევს ეკურთხა მღვდლად, რის შემდეგაც დაიწყო ნაყოფიერი პედაგოგიური და პუბლიცისტური მოღვაწეობა. ამის შემდეგ ივანე გვარამაძე ძირითადად ახალციხეში იყო და "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში", "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". პუბლიცისტურმა, პედაგოგიურმა და ეთნოგრაფიული ინტერესებმა 1870-იანი წლებიდან დააახლოვა ილია ჭავჭავაძესთან.
გვარამაძის პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება. სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". ეს ორივე წიგნი თავის დროის საუკეთესო სახელმძღვანელოებში იყო დამკვიდრებული. მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზისთვის შეარჩია მიხეილ თამარაშვილი. ივანე გვარამაძის თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის.
გვარამაძის ლიტერატურული მოღვაწეობის კიდევ ერთი დამსახურება სწორედ მესხეთისა და იქაური ქრისტიანობის ისტორიაა. 1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემაში გამოვიდა მისი "წამება მიქაელ გობრონისა და ასოცადაცამეტ მოყვასთა მისთა მეციხოვნეთა მესხთა" , 1898 წელს - კატეხეტურ-პედაგოგიური ნაშრომი "მშობლები და მათი შვილები როგორნიც უნდა იყვნენ და როგორც უნდა ზრდიდნენ", ხოლო 1904 წელს ცალკე წიგნად გამოიცა "ხალხური მესხური ლექსები".
გვარამაძე 1912 წელს ახალციხეში გარდაიცვალა. |
|