მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავს კონფერენცია ეძღვნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავს კონფერენცია ეძღვნება სტუ
17-10-2011, 14:46
18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

შესავალი სიტყვით გამოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ მეცნიერები: ზურაბ გამეზარდაშვილი - “მიხეილ თამარაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა”; ელდარ მამისთვალიშვილი - “ანტიოქიის პატრიარქი ლუდოვიკო ბოლონიელი და საქართველო”;მურმან პაპაშვილი - “ფრანგ მისიონერ ჟან რიშარის როლი სულხან-საბა ორბელიანის ელჩობის მომზადების საქმეში”; გიორგი სისიაშვილი - “ედუარდ აიხვალდი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი)”; ვაჟა კიკნაძე - “ერთი ეპიზოდი მიხეილ თამარაშვილის ბიოგრაფიიდან”; ნუგზარ ბარდაველიძე - “მიხეილ თამარაშვილი და კათოლიკური ეკლესია საქართველოში”; ნუგზარ პაპუაშვილი - “მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალება და პანაშვიდი საქართველოს პრესის მიხედვით”; მანანა ჯავახიშვილი - “კორონაცია: სასულიერო და საერო პირთა შეხვედრის ადგილი. ძალაუფლების გადანაწილება”; თემურ ჯაგოდნიშვილი - “ევროპის მენაპირე მწერლობის ცენტრისკენული მოქცევანი”; ბეჟან ჯავახია - “საქართველოს ევროპული იდენტობა ადრე შუა საუკუნეებში”; ნინო გომართელი - “საქართველოს ევროპელი ორიენტირები”; ვაჟა შუბითიძე - “ევროინტეგრაცია და საქართველო”.

ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი 16 სექტემბერს შესრულდა. თამარაშვილი 1911 წელს იტალიაში, სოფელ სანტა-მარინელაში გარდაიცვალა.

მიხეილ თამარაშვილი, ერისკაცობაში ალექსანდრე, იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი. იგი 1858 წელს ახალციხეში, "რაბათის" უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი იყო ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

1891 წელს გაემგზავრა რომში. სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. თამარაშვილმა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალის დამუშავება და გამოცემა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას". მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია" (1910, რომი; 1995, თბილისი) ფრანგულ ენაზე დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ორივე მონოგრაფია, რომლებიც შედგება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებული და ზედმიწევნით შესწავლილი უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებისგან, დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის.

თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალის მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქ. ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიადან მიხეილ თამარაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში, დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თამარაშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
 
 

ასევე:

  • მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალების 100 წლისთავს კონფერენცია მიეძღვნა
  • სტუ-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • საქართველოში გაბრიელ ეპისკოპოსის იუბილე აღინიშნება
  • ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • რაფიელ აგლაძის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge