|
8-10-2011, 22:43
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი აწყობენ საიუბილეო ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ აგლაძის დაბადების 100 წლისთავს.
საიუბილეო სხდომა 2011 წლის 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართება (რუსთაველის 52).
შესავალი სიტყვით გამოვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი რაფიელ აგლაძის შესახებ. მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. მოხსენებას - "რაფიელ აგლაძის ცხოვრების გზა" - წაიკითხავსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ შენგელია, ხოლო მოხსენებას თემაზე - "რაფიელ აგლაძის მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში" - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გივი ცინცაძე. სიტყვით გამოვლენ სხვა მომხსენებლებიც.
19-21 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77) უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით, ჩატარდება იუბილესთან დაკავშირებული ეროვნული კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი: არჩილ ფრანგიშვილი (თავმჯდომარე), ზურაბ გასიტაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ლევან კლიმიაშვილი, დავით თავხელიძე, მიხეილ ჯანიკაშვილი, ნუგზარ წერეთელი, არჩილ ბარბაქაძე, იური კვირიკაძე, ნაზი კუციავა, მამუკა მაისურაძე.
კონფერენციის საპოგრამო კომიტეტი: თამაზ აგლაძე ( თავმჯდომარე) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); გიორგი აგლაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტი; ელიზბარ ელიზბარაშვილი - საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია; გიორგი თავაძე - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; გიორგი კვესიტაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სერგი დურმიშიძის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი; იასონ მუჯირი - საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; შოთა სიდამონიძე - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; გურამ სუპატაშვილი - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რამაზ ქაცარავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ნიკოლოზ ჩიხრაძე - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; დავით ჯიშიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ. ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტი; ნუგზარ წერეთელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენს ქიმიური ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება შემდეგ დარგებში: ახალი და გაუმჯობესებული მასალები და დანაფარები; ახალი და გაუმჯობესებული ნივთიერებები; ბიომედიცინა, ბიოტექნოლოგია და სურსათის ინდუსტრია; ენერგეტიკა; უსაფრთხო გარემო; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია.
კონფერენციის ფარგლებში იგეგმება სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდების პოსტერული სესია. მოეწყობა კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენა. გამოიცემა მოხსენებათა თეზისები და რჩეული შრომების კრებული.
აღნიშნული კონფერენცია რიგით მესამეა და მისი ძირითადი თემატიკა განისაზღვრება გამოყენებითი ქიმიის დარგით. რ. აგლაძის ხსოვნას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (თბილისი, 1991 და 2001).
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქართული ელექტროქიმიური სკოლის ფუძემდებელი რაფიელ ილიას ძე აგლაძე 1911 29 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ქართველი ელექტროქიმიკოსი რაფიელ აგლაძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.
1935 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს - მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951). აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). იყო პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
აგლაძის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში გამოყენებითი ქიმიის მეცნიერული და ტექნოლოგიური საფუძვლების განვითარება და ქვეყნის წიაღისეული ნედლეულის გადამამუშავებელი ქიმიური წარმოებების შექმნა. აგლაძის უშუალო თაოსნობით საქართველოში დაარსდა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და უმაღლესი ტექნიკური განათლების კერა.
ქიმიური ტექნოლოგიების დარგში რაფიელ აგლაძის მოღვაწეობამ საერთაშორისო აღიარება პოვა.
რაფიელ აგლაძე 1989 წლის 17 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. |
|