|
29-10-2014, 03:35
29 ოქტომბერს, 16:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის დარბაზში გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს არჩილ ძიძიგურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება.
არჩილ ძიძიგური 1914 წლის 15 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. 1938 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი. 1952-1957 წწ. განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის სამთო განყოფილებას. აღნიშნული განყოფილების ბაზაზე მისი ინიციატივით 1957 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო 1973 წლამდე. 1968-1970 წწ. განაგებდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანების, მაღაროს სტაციონარული დანადგარებისა და ტრანსპორტის კათედრას. 1973 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე იგი 1981 წლამდე მუშაობდა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამთო საქმის თითქმის ყველა მიმართულებას. ა. ძიძიგურის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური გამოკვლევები საშახტო სტაციონარული დანადგარების, საშახტო ჰიდროაერომექანიკისა და სავენტილაციო სისტემის, სამთო თბოფიზიკის, მილსადენი ტრანსპორტისა და მრავალფაზოვანი ნაკადების, საბურღი დანადგარების რეჟიმების აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად. ავტორია 300-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა, მათ შორისაა 10 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო და 40-ზე მეტი გამოგონება.
არჩილ ძიძიგური იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, მრჩეველი (1988-), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1978-1988). 1980 წელს გახდა ბათუმის საპატიო მოქალაქე, 1973 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით, 1974 წელს _ გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიით, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო.
არჩილ ძიძიგური არის არაერთი ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა: საშახტო სტაციონარული მანქანები (ტუმბოები, ვენტილატორები): დამხმ. სახელმძღვ., სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთქმედების პროცესების ოპტიმიზაცია (რედაქტორი), სამთო მრეწველობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში: ლექტორის დასახმარებლად და სხვა.
არჩილ ძიძიგური 1997 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. |
|