სტუ-ში გაიხსნა ეროვნული კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში გაიხსნა ეროვნული კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში სტუ
20-10-2011, 12:42
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ აგლაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით, გაიხსნა ეროვნული კონფერენცია გამოყენებით ქიმიაში. კონფერენცია 21 ოქტომბერს დასრულდება.

კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენს ქიმიური ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება შემდეგ დარგებში: ახალი და გაუმჯობესებული მასალები და დანაფარები; ახალი და გაუმჯობესებული ნივთიერებები; ბიომედიცინა, ბიოტექნოლოგია და სურსათის ინდუსტრია; ენერგეტიკა; უსაფრთხო გარემო; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება სტუდენტებისა და მოსწავლე ახალგაზრდების პოსტერული სესია. მოეწყობა კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენა. გამოიცემა მოხსენებათა თეზისები და რჩეული შრომების კრებული.

აღნიშნული კონფერენცია რიგით მესამეა და მისი ძირითადი თემატიკა განისაზღვრება გამოყენებითი ქიმიის დარგით. რ. აგლაძის ხსოვნას მიეძღვნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (თბილისი, 1991 და 2001).

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი აწყობენ საიუბილეო ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნება რაფიელ აგლაძის დაბადების 100 წლისთავს.

საიუბილეო სხდომა 18 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ქართული ელექტროქიმიური სკოლის ფუძემდებელი რაფიელ ილიას ძე აგლაძე 1911 29 დეკემბერს თბილისში დაიბადა. ქართველი ელექტროქიმიკოსი რაფიელ აგლაძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.

1935 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს - მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951). აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). იყო პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

აგლაძის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში გამოყენებითი ქიმიის მეცნიერული და ტექნოლოგიური საფუძვლების განვითარება და ქვეყნის წიაღისეული ნედლეულის გადამამუშავებელი ქიმიური წარმოებების შექმნა. აგლაძის უშუალო თაოსნობით საქართველოში დაარსდა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და უმაღლესი ტექნიკური განათლების კერა.

ქიმიური ტექნოლოგიების დარგში რაფიელ აგლაძის მოღვაწეობამ საერთაშორისო აღიარება პოვა.

რაფიელ აგლაძე 1989 წლის 17 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.
 
 

ასევე:

  • რაფიელ აგლაძის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები ტარდება
  • ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩილ ძიძიგურის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება
  • დღეს ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება
  • ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება
  • გამოყენებითი ფიზიკის აქტუალურ საკითხებზე სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge