|
1-12-2012, 17:06
3-9 დეკემბერს კინოთეატრები "ამირანი" და "რუსთაველი" თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალ "პრომეთეს" უმასპინძლებს. კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები.
თბილისის კინოთეატრების ეკრანი ერთი კვირის განმავლობაში ეთმობა საფესტივალო, არაკომერციულ, ნოვატორულ, ექსპერიმენტულ, საავტორო თუ ე.წ. განსხვავებულ კინოს.
კინოფესტივალის მთავარი მიზანია, წარმოგვიდგინოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრები, მაყურებელს გააცნოს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
გასული 12 წლის განმავლობაში ფესტივალმა 500-მდე რეჟისორს, მსახიობს, პროდიუსერს, კინომცოდნეს და სხვა პროფესიონალს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ცნობილი კინომოღვაწეები, როგორებიც არიან ბობ რაფელსონი, მაიკლი, ფრანკო ნერო, ლეოს კარაქსი, კშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმეკი, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, მარიამ დ'აბო, გრეტა სკაკი, ჩულპან ხამატოვა, ჯაფარ პანაჰი და სხვები. ფესტივალის მთავარი პარტნიორია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი.
ფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე". |
|