1-ელ თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახეში” წარმოდგენილი იქნება “თეთრი ბაირაღები”. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა. მასვე ეკუთვნის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება.
რეჟისორის ასისტენტია მანანა სიმონიშვილი, ტექნიკური რეჟისორი - ირაკლი ურუშაძე, სპექტაკლის წამყვანი - ზურაბ ბარბაქაძე. გამოყენებულია კომპოზიტორების - შოპენის, ბრამსის, დრანგას, დებიუსის, ვაგნერისა და დვორჯაკის ნაწარმოებების მუსიკალური ნაწყვეტები და აქცენტები.
სპექტაკლში მონაწილეობენ ახალგაზრდა მსახიობები: თემო გორგაძე, გვანცა ბეროშვილი, ბედისა დუმბაძე, გიორგი ლოცულაშვილი, ლერი ომარაშვილი, მინდია ქიტიაშვილი, თორნიკე დულარიძე, ნიკოლოზ გოგილაძე, ამიკო გოგოლაძე, ლევან გაბაშვილი, გაგი მეგრელაძე, ლაშა შარაშენიძე, გიორგი ანთიძე, ლაშა ჩიჩუა, ირაკლი ზუკაკიშვილი.
გთავაზობთ თეატრმცოდნე ვაჟა ძიგუას კრიტიკულ სტატიას, რომელიც აღნიშნულ სპექტაკლს ეძღვნება.
“დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში” ნოდარ დუმბაძე
უკეთ დალოცო შენი სამშობლო, ძნელი წარმოსადგენია. კაცთმოყვარეობის ასეთი ზღვარგადასული სულისკვეთება კვებავდა ნ. დუმბაძის მთელ შემოქმედებას, რამაც დღეს განსაკუთრებით გამოკვეთა ქართველი კაცის გენეტიკაში ფესვგადგმული ის ფასეულობები, ბოლო დღეს ესოდენ უმოწყალოდ რომ მიმოვფანტეთ და გავაცამტვერეთ. ნოდარ დუმბაძის ერთი შეხედვით ყველაზე “მოქუფრულ” ნაწარმოებშიც კი (“თეატრი ბაირაღები”) იმდენი სითბო, ურთიერთსიყვარული, ნოსტალგიურ სიმძიმილთან შეზავებული დიდბუნებრიობა იღვრება, რომ ალალი ცრემლის გარეშე შეუძლებელია ამ მარადიული ღირებულებებით გაჯერებულ ქმნილებასთან ყოველი შეხვედრა. კლასიკის ძალა მის თანამედროვეობაშია. დრო და ეპოქა მასთან ჭიდილში უძლურია. ეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვაგრძნობინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” სპექტაკლმა “თეთრი ბაირაღები”.
ნოდარ დუმბაძის ეს რომანი მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. საბჭოთა ეპოკაში მას ცენზურის მსახვრალი ხელი არ მოჰკლებია. გამოსვლისთანავე ლამის აკრძალული და ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა მკითველისთვის. ლაღი და სხარტი დიალოგური ფორმის წყალობით, თეატრების მიერ ამ ნაწარმოებით დაინტერესება იმთავითვე დიდი იყო, თუმცა წინააღმდეგობათა დაძლევის ბარიერი ამ შემთხვევაში უფრო რთული აღმოჩნდა, ვინაიდან საყოველთაოთ ცნობილია, რომ სცენაზე გაცოცხლებული სიტყვა გაათმაგებით მძაფრი და იდეოლოგიურად მიუღებელია. ცხადია, ქართული თეატრის შემტევი ბუნება იოლად არ გატყდებოდა, ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ინსცენირებამ რამპის შუქი იხილა, თუმცა გარკვეული კომპრომისების ხარჯზე. პირველ ყოვლისა, სახეცვლილი სათაურით – “საბრალდებო დასკვნით” წარედგინა მაყურებელს, თუმცა ეს არ იყო მთავარი – არ დარჩენილა საქართველოში თეატრი, სადაც ნ. დუმბაძის საკანში გამომწყვდეული გმირები არ გაცოცხლებულიყვნენ.
ამ ნაწარმოების სცენური დადგმის ესოდენ მრავლისმეტყველი ისტორია, ვფიქრობ, გაითვალისწინა სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ. გარდა ამისა, დიდი გამბედაობა იყო ტელეეკრანებს მიჯაჭვული ახალგაზრდა თაობის ეგრეთ წოდებული “კომედიშოუების” ერთობ საეჭვო გემოვნების ყოველდღიური უმოწყალო “შტურმის” შემდეგ, ეს თაობა გადმორთო მოსმენის, აზროვნების რეჟიმში. დიახ, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ სტუდენტური აუდიტორია ორგანულად იყო ჩართული სპექტაკლში განვითარებულ პერიპეტიებში; შესაბამისად, იყო ადეკვატური რეაქციები, იგრძნობოდა კონტაქტი სცენასა და დარბაზს შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
ნუგზარ ბუცხრიკიძე შრომისმოყვრე რეჟისორია. მისი ბევრი სპექტაკლი მინახავს, მაგრამ ჩავარდნილს ვერც ერთს ვერ ვიგონებ. ნათქვამს ისე ნუ გამიგებთ, თითქოს მივიჩნევ, რომ შემოქმედებაში სწორხაზოვნად ვითარდებოდეს მოვლენები. რა თქმა უნდა, შორს ვარ ასეთი მცდარი აზრისგან - შემოქმედებით პროცესში შეუცნობადი მეტია, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი. ნებისმიერი, თუნდაც სახელმოხვეჭილი რეჟისორი ან მსახიობი არ არის დაზღვეული ყველაზე გლობალური მარცხისგანაც კი. ამის უამრავი მაგალითი არსებობს მსოფლიო თეატრების ისტორიაში. ისე, როგორც ყველა რეჟისორს, ნუგზარ ბუცხრიკიძესაც ჰქონია სინანულის ან თუნდაც განხიბლვის არცთუ სასიამოვნო წუთები. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ასეთ წარუმატებელ დადგმებშიც კი იყო წუთიერი გამონათებები საინტერესო რეჟისორული თუ აქტიორული მიგნებებისა. სწორედ ეს გახლავთ ინტენსიური შემოქმედებითი ძიებების ტკბილ-მწარე ნაყოფის გემო.
“თეთრ ბაირარებში” რეჟისორი ყურადღებას სტუდენტ-მსახიობთა ინდივიდუალურ მონაცემებზე ამახვილებს. მათ სახიათთა მრავალფეროვნებაში იკვეთება ციხის ჩაკეტილი სივრცის პანორამა. თითოეული პერსონაჟი ცალკე მიკროსამყაროა განცდით, ფიქრით, მისწრაფებებით, აგრესიით, ჯერ კიდევ შემორჩენილი სიხალისით, მზის სხივების დანახვის სურვილით... რეჟისორმა შეძლო ისინი აემოქმედებინა. მხოლოდ სიტყვიერი დიალოგი მოსაწყენი დისკუსიის უფერული მანტიით შეიმოსებოდა; სცენა კი მოქმედების არენად უნდა გადაიქცეს. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო XX საუკუნის 30-50-იანი წლების უბრწყინვალესი რეჟისორის, ვასო ყუშიტაშვილის გამონათქვამი, როდესაც მან ჩვეული იუმორით ასეთი პასუხი გასცა ერთ-ერთი პიესის ავროტორს: ეს არის პიესა ორ ლაპარაკად და არა ორ მოქმედებად.
რთულია სცენაზე ქმედითი დიალოგის გამართვა. ორმხრივად რთულია, როდესაც სცენის მოყვარეებთან გიწევს ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, ნუგზარ ბუცხრიკიძემ ჩინებულად გაართვა თავი ძნელად განსახორციელებელ ამოცანას. ამ შემთხვევაში არც იმ მომენტის უგულებელყოფა შეიძლება, რომ იგი მოწოდებით რეჟისორ-პედაგოგია. თითოეულ მსახიობთან ჩატარებული სკრუპულოზური სამუშაო სახეზეა.
საკნის პირქუშ გარემოში სინათლის შუქივით მბჟუტავი, მაგრამ გამოსხივების უდიდესი ძალის ენერგია შემოაქვს ნოდარ დუმბაძის პროტოტიპს, ზაზა ნაკაშიძეს. რეჟისორმა ნაკაშიძეს სპექტაკლში შეუნარჩუნა ერთგვარი კამერტონის ფუნქცია – იგი საკანში წარმოქმნილ ყველა სიტუაციას გამჭრიახი და სამართლიანი თვალით აბალანსებს, სამართლიანობის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარე, ზოგჯერ გამოაქვს თუნდაც უკიდურესად მკაცრი განაჩენი. მსახიობი თემო გორგაძე კარგად გრძნობს თავისი გმირის ალალმართალ, მოსიყვარულე და ამავე დროს, უკომპრომისო ბუნებას.
ნ. დუმბაძის მრავალრიცხოვან პერსონაჟთა შორის ლიმონა დევდარიანი გამოირჩევა მონოლითური ხასიათით, ქართველი ვაჟკაცის ნიშნეული ფარული სიამაყის გრძნობით, თავდაჯერებულობით, დარდიმანდული ხიბლით. გიორგი ლოცულაშვილის შესრულებაში ლიმონას ყველა ეს თვისება ხაზგასმულად არტისტულია, ელეგანტურია მისი ჟესტი, მეტყველია მიმიკა, სახიერია აზროვნების დიაპაზონი.
სახასიათო მსახიობის მშვენიერი თვისებები გამოავლინა ამიკო გოგოლაძემ ჭეიშვილის როლში. მის მიერ წარმართული მონოლოგი – მამაკაცური პოტენციალის დაკარგვის საშიშროებას რომ ეხება – კომიკურად იმდენად “შემაძრწუნებელია”, ძნელია არ თანაუგრძნო მსახიობის ამ “მოდელირებულ” განცდებს. ასევე მკვეთრად კომედიურ პლანში წარმართა მოშიაშვილის კოლორიტული სახე ნიკოლოზ გოგილიძემ. თავისი პერსონაჟის მუდმივად აღტყინებულ გუნება-განწყობილებას მსახიობი ამდიდრებს მახვილგონივრულად მიგნებული პლასტიკითა და მაჟორული ინტონაციებით. მოზღვავებული ენერგიითა და ეგზალტირებულად გაშარჟებული შინაგანი განწყობის მოტანით საინტერესოდ წარდგა მაყურებლის წინაშე თორნიკე დულარიძე. მისი შოშია არაორდინალური, თითქოსდა უდარდელი, მაგრამ შენიღბულად დიდი ტკივილის მატარებელი პიროვნებაა.
მეტი თავისთავადობა და პერსონაჟის ხასიათში მამოძრავებელი მარცვლის მიკვლევა მართებდათ ლერი ომარაშვილს (ტიგრან გულოიანი), ლევან გაბაშვილსა (გამცემლიძე) და გაგი მეგრელიძეს (მებურიშვილი).
ყველაზე მეტად “სახიფათო”, შესრულების თვალსაზრისით, ჭიჭიკო გოგოლის პერსონაჟია. მეგრულ ინტონაციებზე განსაკუთრებული აქცენტირება სახის ცალმხრივად გახსნის საშიშროებას წარმოქმნის. მინდია ქიტიაშვილის მიერ როლში შეტანილი ორგანული სახასიათო შტრიხების მიუხედავად, ეს საშიშროება ბოლომდე ვერ იქნა დაძლეული. უფრო რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი ბატონი ისიდორეს როლის შემსრულებელ ლაშა შარაშენიძეს. სოლიდური ასაკობრივი სხვაობის გამართლება მხოლოდ გარეგნული სახეცვლილებით ვერ მიიღწევა, მით უფრო, თუ მისი ბიოგრაფია ღრმა დრამატული მოვლენებითაა დატვირთული. რა თქმა უნდა, დამწყებ სცენისმოყვარეს ვერ მოვთხოვთ მაქსიმალურ შედეგს. ამ შემთხვევაში, ის, რაც მან შემოგვთავაზა, მხოლოს ქებას იმსახურებს.
როგორც თითქმის ყველა ინსცენირებაში, აქაც სახეზეა ეგრეთ წოდებული “ცისფერი” როლების თანაარსებობა. ბუნებრივია, სქემატურობამ თავი იჩინა სტუდენტ-მსახიობთა შესრულებაში. დიდი მცდელობის მიუხედავად – გიორგი ანთიძემ (ხელაძე), ლაშა ჩიჩუამ (გაგუა), ირაკლი ზუკაკიშვილმა (ზედამხედველი), ბედისა დუმბაძემ (ნუნუ ექთანი), გვანცა ბეროშვილმა (დედა), ვერ შეძლეს თავიანთ პერსონაჟთა სრულყოფილად გაცოცხლება. ამ ანსამბლში გვანცა ბეროშვილის ამოცანა გაცილებით რთული იყო – იგი უნდა დასცილებოდა თავის ასაკს, რაც შინაგან გარდასახვას მოითხოვდა. ეს მას გაუჭირდა, თუმცა ლოგიკური აზროვნებისკენ მიდრეკილება გამოამჟღავნა.
ნუგზარ ბუცხრიკიძის რეჟისორულმა ფანტაზიამ ამ დადგმაშიც დაგვამახსოვრა თავი. შესანიშნავია რეჟისორის მიერ შეთხზული პლასტიკურ-მუსიკალური ეტიუდი, მოშიაშვილის ციხიდან მოულოდნელ გათავისუფლებას რომ მიუძღვნა. ასევე, შთამბეჭდავი პლასტიკით და ჩამოქნილი რიტმით, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა რეჟისორმა ლიმონა დევდარიანის საკანს მიღმა არსებული სიყვარულის ნოსტალგია, როდესაც იგი გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ეძგერება ნუნუ ექთანს და ხელში ატატებული გამოჰყავს წინა პლანზე.
სპექტაკლში ნუგზარ ბუცხრიკიძემ რეჟისორის ასისტენტად აიყვანა ამ თეატრის წამყვანი მსახიობი მანანა სიმონიშვილი. ვფიქრობ, ეს სწორი არჩევანი იყო – მანანას აქტიორული გამოცდილების გაზიარებამ დამწყებ სცენისმოყვარეებს უთუოდ გაუადვილა თავიანთ როლებზე მუშაობა.
ფინალში, სცენის მთელ პარამეტრზე, კინოკადრის მსხვილი პლანით მოტანილი ნოდარ დუმბაძის გულღია ღიმილი, სიცოცხლის უსაზღვრო სიყვარულს რომ აფრქვევდა, ცისარტყელას ფერებით კრავს სიკეთეს მონატრებულ მაყურებელთა დარბაზს.