|
7-02-2010, 01:01
7 თებერვალს, 18:00 საათზე, კინოთეატრ "რუსთაველის" დიდ დარბაზში გაიხსნება იაპონური კინოს ფესტივალი, რომელიც თბილისში პირველი იაპონური კვირეულის დაწყებას აღნიშნავს. იაპონური კინოს ფესტივალი 14 თებერვლამდე გასტანს და მას მოჰყვება 15 თებერვალს რუსთაველის თეატრში იაპონელი ჯაზ-პიანისტის ჰირომი უეჰარას კონცერტი, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, “თაგის არტსის" და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერაა ორგანიზებული. ფესტივალის გახსნაზე სიტყვებით გამოვლენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა და თბილისის მერიის წარმომადგენლები. იაპონური ფილმები ნაჩვენები იქნება 8 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით, დღეში სამჯერ, კინოთეატრ “რუსთაველის" მცირე დარბაზში (დარბაზი # 2). სეანსებზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ფილმი: სახელგანთქმული რეჟისორის აკირა კუროსავას “ცუბაკი სანჯურო" (1962 წ.) _ შავ-თეთრი ფილმი სამურაების ცხოვრებაზე 19-საუკუნის იაპონიაში; რეჟისორ დაისუკე ტენგანის “აიკი" (2002 წ.) _ ფილმი ახალგაზდრა მამაკაცის შესახებ, რომელმაც დაძლია ცხოვრებისეული სირთულეები უძველესი იაპონური საბრძოლო ხელოვნების - აიკიდოს მეშვეობით; რეჟისორ იოიჩი ჰიგაშის (1996 წელს ბერლინის 46-ე კინოფესტივალის ვერცხლის დათვის მფლობელი ფილმისთვის “ოცნებების სოფელი") “პაპაჩემი" (2003 წ.), _ რომლის მთავარი გმირი, კენზო, 13 წლის პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის, მაგრამ შვილიშვილი, ტომაკო, ძნელად ეგუება პაპას. სამაგიეროდ, მის დაბრუნებას მოუთმენლად ელის იაკუძას კლანის ბოსი; ცნობილი მულტიპლიკატორის ოსამუ ტეძუკას ორი ანიმე (მულტფილმი): “ასტრო ბოი" (1981 წ.) _ სათავგადასავლო მულტფილმი ზებუნებრივი ძალის მქონე რობოტ ბიჭუნაზე და “ტყის ლეგენდა" (1987 წ.) ჩაიკოვსკის მუსიკით შთაგონებული მომაჯადოებელი ზღაპარი, რომელშიც არის ყველაფერი _ მოლაპარაკე ცხოველებით დაწყებული, კეთილი ფერიებით დამთავრებული. ფილმები წარმოდგენილი იქნება იაპონურ ენაზე, რუსული სუბტიტრებით. |
|