აკირა კუროსავას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

აკირა კუროსავას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება უცხოეთში
23-03-2010, 01:06
დღეს, 23 მარტს, იაპონიაში ცნობილი კინორეჟისორის, აკირა კუროსავას იუბილეს აღნიშნავენ. იაპონური კინოს კლასიკოსის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისში, კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართება საიუბილეო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნება კუროსავას ფილმი “საოცარი კვირადღე”.

აკირა კუროსავა 1910 წლის 23 მარტს ტოკიოში დაიბადა. აკირას მამა ძველი სამურაების გვარიდან იყო. მამის გავლენით იგი სკოლიდან დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებით, კერძოდ კენდოთი. თუმცა მის საყვარელ საქმიანობად ხატვა იქცა. აკირა მხატვრობას აპირებდა და სწავლობდა კიდეც ხელოვნების აკადემიაში. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1936 წელს, როდესაც გაზეთში ნახა P.C.L. სტუდიაში ვაკანსიის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება. აკირა რეჟისორ კაძირო იამამოტოს ასისტენტი გახდა. თავდაპირველად წერდა სცენარებს, თუმცა მათ შორის ბევრი არ იყო ეკრანიზებული და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალებში იბეჭდებოდა.

პირველი ფილმი კუროსავამ, როგორც რეჟისორმა, დადგა 1943 წელს, ეს იყო "ძიუდოს გენიოსი", სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტის აღზრდაზეა მოთხრობილი. ამ ფილმში გამოიკვეთა ადამიანის სწრაფვა სულიერი სრულყოფილებისკენ, რაც რეჟისორის სხვა ფილმებში უფრო გამოიკვეთა.

1944 წელს კუროსავამ გადაიღო ფილმი "ყველაზე ლამაზები". გადაღებების დასრულებისთანავე ცოლად მოიყვანა მთავარი როლის შემსრულებელი იაგუტი ეკო. მათ ორი შვილი ეყოლათ.

1945 წელს ომის დასრულების შემდეგ აკირამ გადაიღო "ვეფხვის კვალს მიმყოლნი", რომელიც ცენზურის გამო მხოლოდ 1952 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

კუროსავას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა ფილმმა "მთვრალი ანგელოზი", რომელიც 1948 წელს გადაიღო. ამ ფილმში მთავარს როლს ასრულებდა დამწყები მსახიობი ტოსირო მიფუნე. მთვრალი ანგელოზების შემდეგ კუროსავამ მიფუნე კიდევ 15 ფილმში ათამაშა, შეიძლება ითქვას, რომ მათი ტანდემი ყველაზე გამორჩეულია იაპონური კინოს ისტორიაში.

1950 წელს კუროსავამ აკუტაგავა რიუნოსკეს მოთხრობების მიხედვით გადაიღო ფილმი "რაშომონი" (“რასიომონი”), სადაც მთავარ როლს ტოსირო მიფუნე თამაშობდა. ამ ფილმით კუროსავამ დაანგრია იაპონური კინოს ტრადიციული სტილი. 4 ადამიანი სრულიად შემთხვევით ტყეში მკვლელობის და გაუპატიურების მომსწრე ხდება. ოთხივე მოწმე მომხდარის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება, მათი მონაყოლისგან რადიკალურად განსხვავდება დაზარალებულის და დამნაშავის მონაყოლიც. რეჟისორი არ ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, იგი ამ ფილმით აჩვენებს, რომ ადამიანს არ აქვს მოვლენების ობიექტურად გადმოცემის უნარი, საკუთარ თავზე მიუკერძოებლად ვერ საუბრობს, რადგან ადამიანის მთავარი თვისება ეგოიზმია.

ეგოიზმთან ბრძოლის მაგალითი კუროსავამ თავის ფილმ "ცხოვრებაში" მოგვცა, რომელიც 1952 წელს გამოვიდა. მთავარი გმირი იგებს, რომ მას 5-6 თვე დარჩა სიცოცხლე, რაც უბიძგებს, გადახედოს თავის ცხოვრებას და რადიკალურად შეცვალოს იგი.

კუროსავამ სრულიად შეცვალა სამურაების ტრადიციული სახე კინემატოგრაფიაში. იგი არ იღებს ტრადიციული ტიპის ფილმებს სამურაების შესახებ, სადაც იდეალად ქცეული სამურაები ძირითადად სიყვარულსა და მოვალეობას შორის არჩევნის დილემაზე ფიქრობენ. მის ფილმებში ასახულია უფრო რეალისტური ბრძოლა ფულისთვის და ძალაუფლებისთვის.

1954 გამოსულმა ფილმმა "შვიდი სამურაი" ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი ოსკარი მოიპოვა, შემდეგ კი ამერიკელებმა ამ ფილმის "რიმეიკი" გააკეთეს. როგორც აღვნიშნეთ, კუროსავამ რადიკალურად შეცვალა სამურაის ეკრანული სახე. მის ფილმებში სამურაები არა მხოლოდ პატრონისადმი უსაზღვროდ ერთგული მამაცი მეომრები არიან, არამედ საკუთარი სისუსტეებიც აქვთ. ლამაზად გამოწყობილი სამურაების ნაცვლად, მის ფილმებში არის მიფუნეს ბინძური, ნასვამი პერსონაჟი, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს სისხლისღვრა. ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ მამაცად იბრძვის. მისი გმირები არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან, არამედ სულიერებით, სამართლიანობის გრძნობითაც.

კუროსავას პოპულარობის ზრდას 50-იან წლებში მისმა საყვარელმა მსახიობმა, ტოსირო მიფუნემაც შეუწყო ხელი. იგი გამოირჩეოდა სხვა მსახიობების ფონზე. მუშაობისას კუროსავა გადამღები ჯგუფის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო. მის ფილმებში დიდ როლს მსახიობების გარდა ბუნებაც ასრულებდა. კუროსავას შეეძლო გადაღების შეჩერება სასურველ ამინდამდე, ფილმში რასიომონი კოკისპირული წვიმა ისეთივე მრავლისმთქმელია, როგორც პერსონაჟები.

მიუხედავად იმისა, რომ კუროსავას ყოველივე იაპონურითაა გაჯერებული, მას ასევე აღფრთოვანებდა დასავლური დრამა. დასავლური დრამატურგიის გავლენით კუროსავამ შექმნა შექსპირის ტრაგედიების ეკრანიზაციები: მაკბეტი" და "მეფე ლირი" ("ტახტი სისხლში" და "რანი"). ასევე უნდა აღინიშნოს გორკის ნაწარმოების ("ფსკერზე)" მიხედვით შექმნილი ეკრანიზაცია და დოსტოევსკის "იდიოტის" მისეული ინტერპრეტაცია. დასავლური დრამების ეკრანიზაციის დროს იგი ერთგვარ ადაპტირებას აკეთებდა და პიესის სამოქმედო არეალი იაპონიაში გადაჰქონდა, რათა უფრო გასაგებად და ნათლად გადმოეცა სათქმელი. მაგალითად, ფილმში "ტახტი სისხლში" არ არის არც ერთი შექსპირისეული ფრაზა, თუმცა ნაწარმოების პათოსი სრულად არის შენარჩუნებული. ფილმი დადგმულია თეატრ ნოს სტილში, მიუხედავად ამისა, იგი ”მაკბეტის” ერთ-ერთ საუკეთესო ეკრანიზაციად მიიჩნევა.

1960 წელს კუროსავამ დააარსა თავისი კინოსტუდია "კუროსავა პრო", სადაც დადგა ფილმები "ბოროტები ცოცხლები რჩებიან", "მცველი", "სანძიურო", "სამოთხე და ჯოჯოხეთი". ამის შემდეგ იაპონურ კინემატოგრაფიაში შექმნილმა კრიზისმა იგი აიძულა, დაფინანსება ჰოლივუდში ეძია. მას არ გაუმართლა, მის მიერ ჩაფიქრებული კინოები სხვა რეჟისორებმა გადაიღეს. 1969 წელს კი კუროსავამ და იაპონური კინოს სამმა დიდოსტატმა _ კინოშიტა კეისუკემ, იტიკავა კონმა და კობაიაში მასაკიმ _ დააარსეს კომპანია "ოთხი მხედარი", სადაც კუროსავამ თავისი პირველი ფერადი კინო "დოდესკადენი" გადაიღო. ფილმს კომერციული წარმატება არ ჰქონდა.

70-80-იანი წლები კუროსავასთვის მძიმე გამოდგა. სამშობლოში ძალიან აკრიტიკებდნენ და მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებდა. მისი უკანასკნელი ფილმებია "სიზმრები", "აგვისტოს რაფსოდია" და "ჯერ კიდევ არა". აკირა კუროსავა 1998 წლის 6 სექტემბერს ტოკიოში გარდაიცვალა.
 
 

ასევე:

  • თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება
  • ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა
  • ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" მიიღო ფილმმა "ლიბანი"
  • ფედერიკო ფელინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
  • "ბერლინალე-60" დღეს იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS


    XML error in File: http://feeds.feedburner.com/ambebige?format=xml
    XML error: Space required at line 155


      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge