|
18-02-2010, 13:16
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2010 წლის სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები გამოაქვეყნა. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობას 5696 მოსწავლე მიიღებს, მათგან 2 უსინათლო მოსწავლეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურს 13-14 მარტს ჩაატარებს. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან. ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება და საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. |
|