ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
12-03-2010, 02:28
დღეს, 12 მარტს, ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, სსრკ-ის სახალხო არტისტის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანის 100 წლის იუბილეა.

ჭაბუკიანი 1910 წლის 12 მარტს (27 თებერვალს) თბილისში, ქალაქელი ხელოსნის ოჯახში დაიბადა. მამა, მიხეილი, წარმოშობით სოფელ დიღმიდან იყო; დედა - ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი - ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.

1926 წელს ჭაბუკიანი ლენინგრადში გადავიდა. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929-1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბაში” ზიგფრიდის პარტია შეასრულა. ოდეტას პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: "ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი , ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს". 1930 წლის 19 ნოემბერს ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტში" ბაზილის პარტია შეასრულა. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. "დონ კიხოტმა” მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ-ში.

ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ-ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: "პარიზის ალი", "კორსარი", "დონ კიხოტი"; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.

1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი "მზეჭაბუკის" პრემიერა (მისი ახალი სახელია "მთების გული"). 1939 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ჭაბუკიანს წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.

1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერად მუშაობდა.1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს "ფაუსტის" "ვალპურგის ღამე" დადგა, ხოლო 1945 წელს - "გედის ტბა". 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი "სინათლე" (4-მოქმედებიანი), რომელსაც ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა დაედო საფუძვლად. 1950 წელს დაიწყო გასტროლები სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი "გორდა".

1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: “ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავესა და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი”.

1961 წელს ჭაბუკიანმა შექმნა მორის რაველის ბალეტი "ბოლერო", 1967 წელს კი ფ. ღლონტის "განთიადი" შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა".

1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან იყო სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი, აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.

ჭაბუკიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალგაზრდობის გარეშე. ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი. მისი მოსწავლე-სტუდენტები არიან ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი. "ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვახტანგ ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა..."

1990 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის. ოპერისა და ბალეტის თეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. გაზეთ "თბილისში" იოსებ ჭუმბურიძე წერდა: "შაბათ საღამოს ვახტანგ ჭაბუკიანს უშურველად მიაგო მშობელმა ერმა ზღვა სიყვარული და თაყვანისცემა. ხელოვნებაში მის მოღვაწეობას უკვე ოფიციალურად დაერქვა გმირობა". გიგა ლორთქიფანიძემ კი განაცხადა: "დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი... ვახტანგ ჭაბუკიანმა სამადლობელო გვითხრა და კიდევ ერთი საოცარი ფრაზა: “მე მგონია, რომ რაღაც გავაკეთე”. როგორ გვჭირდება დღეს მაღალთა თავმდაბლობის ასეთი მაგალითები..."

ვახტანგ ჭაბუკიანი 1992 წლის 6 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. იგი მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
 
 

ასევე:

  • "იუნესკო" ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეს აღნიშნავს
  • ოპერის თეატრში ირჟი კილიანის ბალეტის პრემიერა გაიმართება
  • ოპერის თეატრის საბალეტო დასი იაპონიაში მიემგზავრება
  • ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა
  • ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით საღამო ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge