დანიელ ჭონქაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დანიელ ჭონქაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
18-03-2010, 02:12
დღეს, 18 მარტს, ქართველი მწერლის, დანიელ ჭონქაძის იუბილეა. მისი დაბადებიდან 180 წელი შესრულდა.

დანიელ ჭონქაძე დაიბადა 1830 წელს ყოფილი დუშეთის მაზრის სოფელ ყვარელში. დანიელის მამა გიორგი, შთამომავლობით გლეხი, მღვდელი იყო. როგორც სასულიერო პირი, ის მისიონერად გაამწესეს ოსეთში. მოვალეობის შესრულების დროს, 1846 წელს, გიორგის თავს ბრბო დაესხა და მოკლა.

დანიელი სოფელში დედის, მელანიას მზრუნველობოთ იზრდებოდა. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაში ჭონქაძის მოწაფე იყო, თავის მოგონებაში აღნიშნავს, რომ დუშეთის მაზრაში დანიელს მამისგან დატოვებული სახლი და მამული ჰქონდა, რომლითაც მწერალი სიკვდილამდე სარგებლობდა; ზაფხულს იგი თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. ეს ორსართულიანი სახლი სოფელში ახლაც დაცულია. საერო სასწავლებელი 1845 წელს დაამთავრა. ამავე წელს ჭონქაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარიის მაშინდელი ხემძღვანელობა მას ახასიათებს, როგორც კეთილსა და ნიჭიერ მოწაფეს. თბილისის სემინარია დანიელმა წარჩინებით დაამთავრა და მალე კავკასიის სასულიერო (ქ. სტავროპოლი) დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, თანახმა პირადი თხოვნისა, დანიელი გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად.

1858 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ჭონქაძე მსახურობდა სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. მისი თხოვნა სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. სიკვდილამდე მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს.

დანიელ ჭონქაძე დაავადებული იყო ჭლექით. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ცუდი პირობები, რომელშიც მწერალს უხდებოდა ცხოვრება. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძლიერ გადატვირთული იყო. გარდა იმისა, რომ ორ თანამდებობას ასრულებდა (მასწავლებლობა და მაგიდის უფროსობა), იმავე დროს ოსურ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დანიელს დავალებული ჰქონდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა. ერთ თავის პირად წერილში ამის შესახებ წერს: “ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“. რუსულ-ოსური ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც მწერალს შეუდგენია, ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა ფოდში. არსებობს ცნობა, რომ “სურამის ციხის” დასრულების შემდეგ დ. ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობა “ვინ არის დამნაშავის“ წერა. ამ ნაწარმოებშიაც მას ყმისა და ბატონის ურთიერთობა ჰქონდა გამოხატული.

გარდა ამისა, დანიელ ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნამუშევრებს. მწერლის ანდერძიდან ირკვევა, რომ მას თავისი ვაჟის, გიორგისათვის უანდერძებია “ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი.

მოთხრობა “სურამის ციხის“ ნაწილი დანიელ ჭონქაძემ გამოაქვეყნა “ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს “სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით “ცისკრის“ რედაქტორს ი. კერესელიძეს, რომელიც მწერალთან კარგ განწყობილებაში იყო, ჭონქაძის ნაწარმოების დაბეჭდვისთვის უსიამოვნება შეხვდა.

“სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1860 წელს 30 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად, დანიელ ჭონქაძე დაკრძალეს თბილისში, მაშინდელი ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით.

დანიელ ჭონქაძის სიკვდილის გამო, ნეკროლოგის ნაცვლად, ი. კერესელიძემ “ცისკარში“ მოათავსა მოკლე განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: “16 ივნისს ამ წლისას, გარდაიცვალა ოცდაათი წლის ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი დანიელ ჭონქაძე. ვისაც ყურადღებით წაუკითხავს ამ განსვენებულის თხზულება “სურამის ციხე“, ის უეჭველად უკეთ დააფასებს რედაქციის დანაკარგსა. ბევრი კარგი კეთილის განზრახვა ჰქონდა, მაგრამ ყოველივე ჩაუშალა უდროოდ სიკვდილმა. არ არის ეჭვი, რომ დარჩებოდა დ. ჭონქაძეს რამდენიმე თხზულება, რომლისთვისაც გთხოვთ იმასთან დაახლოებულთ მეგობართაგან გადმოჰსცენ რედაქციაში დასაბეჭდავათდ და ამასთანავე აცნობონ განსვენებულის ცხოვრების აღწერა, რომლითაც დიდად დაგვავალებენ”.
 
 

ასევე:

  • საქართველოში გაბრიელ ეპისკოპოსის იუბილე აღინიშნება
  • ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • პლატონ იოსელიანის დაბადებიდან 200 წელი სრულდება
  • გალაკტიონის გარდაცვალებიდან 51 წელი გავიდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge