|
7-06-2010, 01:02
“საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი” აცხადებს საბავშვო წიგნის კონკურსს “ბავშვების რჩეული-2009”. კონკურსის წესების თანახმად, ჟიურის წევრები ბავშვები იქნებიან. მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს შეუძლია (3-6 კლასი).
კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებით, ბავშვებმა უნდა წაიკითხონ 2009 წელს გამოცემული ქართული საბავშვო წიგნები და დაასახელონ საუკეთესო.
როგორც კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ წიკლაურმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, კონკურსის მიზანია მოზარდებში წიგნის კითხვის ჩვევის ხელშეწყობა, საბიბლიოთეკო სისტემის გააქტიურება და ქართული საბავშვო წიგნის პოპულარიზაცია.
მისი განცხადებით, კონკურსში მონაწილე წიგნების სია (2009 წელს გამოცემული ქართველი თანამედროვე, ცოცხალი საბავშვო მწერლების მხატვრული ნაწარმოებები, პროზა, პოეზია) მიეწოდებათ სკოლების პედადგოგებს. მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს, ისარგებლონ მათი სასკოლო, რაიონული ან საქალაქო ბიბლიოთეკის მომსახურეობით, გამოიწერონ საკონკურსო წიგნები და წაიკითხონ ისინი.
“მოსწავლეები კითხულობენ წიგნებს, ხოლო შემოდგომაზე ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელშიც წიგნებს (5 წიგნს) ანიჭებენ ნომერს იმის მიხედვით, რომელმა მათგანმა დაიმსახურა მათი მოწონება. ბავშვი პირველ ნომერს ანიჭებს იმ წიგნს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა, შემდეგს ანიჭებს ნომერ 2-ს, და ა. შ ხუთამდე. შევსებული ანკეტები ეგზავნება ფონდს და ხმის დამთვლელი კომისია (5 კაცის შემადგენლობით, რომელთა შორის არ არის არც ერთი მწერალი) აჯამებს შედეგებს. ხმის მიცემის შედეგები მოსწავლეებმა, პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით, შეიძლება გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტითაც”, _ განაცხადა წიკლაურმა ჩუენტან საუბრისას.
კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირმა მალაციძის განცხადებით, ეს კონკურსი “ბავშვთა ჟიურის” ქართული ანალოგია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება შვედეთში და ძალიან პოპულარულია.
“იქ ყველა მოსწავლე მონაწილეობს და თუმცა პრიზს ფულადი ჯილდო არ ახლავს, მაინც ყველაზე პრესტიჟულია საბავშვო მწერლებს შორის. კონკურსის ჩატარება შვედმა კოლეგებმა გვირჩიეს, რომლებმაც ჩვენი სტოკჰოლმში ვიზიტის დროს გაგვაცნეს ჟიურის მუშაობის პრინციპი. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსის ჩატარება საქართველოშიც შესაძლებელია, თუმცა როცა უკვე წამოვიწყეთ ეს საქმე, ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ჯერ ერთი, იმდენად ცოტაა გამოცემულ წიგნებს შორის ქართველი ავტორების ნაწარმოებები, ძალიან გაგავიჭირდა საკონკურსო წიგნების “შეგროვება”, მეორეც _ სასკოლო ბიბლიოთეკებში და ბევრ საქალაქო ბიბლიოთეკაში არც ერთი საკონკურსო წიგნი არ აღმოჩნდა. მაგალითად, სტუმრად ვიყავით ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში. მათი ფონდი ისეთი მწირია (ძირთადად, ახალ გამოცემებს ვგულისხმობ), რომ ბავშვს გაუჭირდება საკონკურსო წიგნების მოპოვება და წაკითხვა. არადა, ამ კონკურსის მთავარ მიზანს სწორედ საბიბლიოთეკო ქსელის გააქტიურება წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მაინც იმედი გვაქვს, სკოლები მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში”, _ განაცხადა მალაციძემ ჩვენთან საუბრისას.
მისი განმარტებით, გამარჯვებულ წიგნს, ყველაზე მეტი ხმით, მიენიჭება “2009 წლის ბავშვთა რჩეული წიგნის” წოდება და დაჯილდოვდება ქართული საბავშვო წიგნის დღეს, 27 ოქტომბერს. სიმბოლურ ჯილდოს მწერალს თავად ბავშვები გადასცემენ.
წიგნების სია კონკურსისთვის “ბავშვების რჩეული” ასეთია: 1) ლექსებისა და მოთხრობების კრებული “მოდით, მოდით ბავშვებო”, მანანა და ქეთევან აბრამიშვილები (“დიოგენე”), 2) თამარ ფხაკაძე - “ხაჭაპური” (“პალიტრა-L”), 3) ირაკლი ლომოური _ “რითმოცანები” (“პალიტრა-L”), 4) ვასილ გულეური _ “ხუთი ამბავი ლექსად” (“სეზანი”), 5) ნატო დავითაშვილი _ “სანამ ფროსანი ლომები დაბრუნდებიან” (“გია ქარჩხაძის გამომცემლობა”), 6) ირმა მალაციძე _ “ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” (“პეგასი”), 7) მარიამ წიკლაური _ “ნატვრისთვალო მზისაო” (“პეგასი”), 8) მარიამ წიკლაური _ “ნანინები” (“პეგასი”), 9) ზაზა აბზიანიძე _ “ბუსუნსულები” (“პეგასი”), 10) შოთა ხოდაშნელი _ “მეფე ვახტანგ გორგასალი” (“საქართველოს მაცნე”), 11) მარი ბერძენიშვილი _ “მარი ლუკის ზღაპრები” (“საქართველოს მაცნე”), 12) გუგული ტოგონიძე _ “თეონა” (“ეროვნული მწერლობა”), 13) აზა ბასლანიძე _ “ჯადოსნური კიბე” (“ეროვნული მწერლობა”), 14) გუგული ტოგონიძე _ “ლაშა მიდის სკოლაში” (“შემეცნება”), 15) მანანა წერეთელი _ “ლექსო, ცისა და ეს სამყარო” (“შემეცნება”), 16) ცირა ყურაშვილი _ “ქრისტესია”, 17) სანდრო ასათიანი _ ამურის სამი ისარი (“სანდროს წიგნები”), 18) სანდრო ასათიანი _ “ძველებური ნივთების მუზეუმი” (“სანდროს წიგნები”), 19) სანდრო ასათიანი _ “ძველებური ტელესკოპი” (“სანდროს წიგნები”), 20) სანდრო ასათიანი _ “დაბზარული გული” (“სანდროს წიგნები”), 21) სანდრო ასათიანი _ “ამძველი ფოტოაპარატი” (“სანდროს წიგნები”), 22) სანდრო ასათიანი _ “უცნაური წიგნი” (“სანდროს წიგნები”), 23) სანდრო ასათიანი _ “მფრინავი გოჭი” (“სანდროს წიგნები”), 24) სანდრო ასათიანი _ “სანდრო და მიკრობი” (“სანდროს წიგნები”), 25) სანდრო ასათიანი _ “სანდრო და ჩაის ჭიქა” (“სანდროს წიგნები”).
საბავშვო ლიტერატურის ფონდი თხოვნით მიმართავს მშობლებსა და პედაგოგებს, დაეხმარონ ბავშვებს, რათა მათ შეძლონ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მათ შეუძლიათ ნებისმიერი შეკითხვით მიმართონ ფონდის წარმომადგენლებს და მისწერონ მისამართზე: libo.fund@gmail.com |
|