|
3-08-2010, 00:09
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის – "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" – ფარგლებში ჩამოსულ 50 უცხოელ პედაგოგს შეხვდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლების პირველი ჯგუფი ამერიკიდან, ინგლისიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან ჩამოვიდა. უცხო ენის სპეციალისტები ქვეყანაში ეტაპობრიდად სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ. პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" საქართველოს ქალაქებისა და სოფლის სკოლების თითქმის ნახევარს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც მოიცავს. პირველი ჯგუფი მთლიანად აჭარის რეგიონში განაწილდება. უცხოელი პედაგოგები სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს გაეცნობიან, ტრენინგებს გაივლიან და, სურვილის შემთხვევაში, ქართულ ენას შეისწავლიან.
დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
"რეგიონებში უცხო ენის მასწავლებელთა კვალიფიკაცია ხშირად არცთუ ისე მაღალია. შესაბამისად, თქვენ არა მხოლოდ ბავშვებს ასწავლით ინგლისურს, არამედ პედაგოგებსაც დაეხმარებით, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ. გვესმის, რომ საქართველო თქვენთვის უცხო ქვეყანაა. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შეგიწყოთ. სამ თვეში ერთხელ შევიკრიბებით და შედეგებს განვიხილავთ", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომელიც პირველი კლასიდან უცხო ენის სწავლების შემოღებას გულისხმობს.
ახალი პროგრამა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში გაივლის პოლოტირებას და შემდეგ ყველა სკოლაში დაინერგება. ipn.ge |
|