დღეს გიორგობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს გიორგობაა კულტურა, სპორტი
23-11-2010, 14:33
დღეს, 23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია უდიდეს დღესასწაულს - "წმიდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა" ხსენების დღეს, გიორგობას - აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება. სადღესასწაულო 09:00 საათზე დაიწყო.

გიორგობა ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობაა. გადმოცემის თანახმად, დღესასწაული საქართველოს განმანათლებელმა, წმინდა ნინომ დაააწესა. ცნობილია, რომ ის წმინდა ძლევაშემოსილი გიორგის ნათესავი იყო, მას ეთაყვანებოდა და ქვეყანას მისი სიყვარული და თაყვანისცემა უანდერძა.

წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შესულია როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან რომში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.

ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში მხედრად განმწესდა. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას.

წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება: "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის".

თავისი საყვარელი მხედართმთავრის კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, ქრისტეს განდგომოდა და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. რასაკვირველია, წმინდანმა იმპერატორის ამ მოთხოვნას ყური არ ათხოვა, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ. თუმცა სასაწაულებრივი ძალით მისი ყველა იარა მთელდებოდა. საბოლოოდ იმპერატორმა მისთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა, რადგან მოკვლის სხვა საშუალება არ არსებობდა.
დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არ უწყოდენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს.

იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული პალესტინის ქალაქ რამლაში დაკრძალეს, კონსტანტინე დიდი მეფობის დროს კი წმიდანის სახელზე აშენებულ დიდი ტაძარში გადაასვენეს, ქალაქ ლიდიაში.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

გიორგობა, საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს (6 ივნისს) და 10 (23) ნოემბერს. მისი "ბორბალზე წამების" დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან საქართველოდან გავრცელდა სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში.

ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა. ქართლში გერისთობას, უსანეთობას, ატოცობასუწოდებდნენ, კახეთში - ალავერდობას, თეთრგიორგობას, სამეგრელოში - ილორობას და სხვა.

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა). გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.

ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტიული ერთეულის მფარველებად მიიჩნეოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ, ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.

კახეთში 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული "ხატის მონები". ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა "ხატის მონა", რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის "ნებას" აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.
 
 

ასევე:

  • მართლმადიდებლური ეკლესია "გიორგობას" აღნიშნავს
  • დღეს გიორგობაა
  • დღეს გიორგობაა
  • დღეს გიორგობაა
  • ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge