დღეს ნინოობაა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს ნინოობაა კულტურა, სპორტი
27-01-2011, 04:13
27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სიღნაღში, ბოდბის მონასტერში ელოდებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნინოობასთან დაკავშირებით მონასტერში წირვას პატრიარქი აღავლენს.

მონასტერში მოღვაწე დედა თამარის თქმით, ნინოობისთვის მონასტერში ბევრ სტუმარს ელოდებიან.

"წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა მისთვის წინასწარვე გამოარჩია. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათ დღეს გლოვობდა "სიობლესა თვისსა". საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, "ფრიად დიდი" და "ყოვლითა სამკაულითა" შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: "შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი", მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს". ბოდბეში წმინდანის სახელობის მცირე ზომის ეკვდერია, წმინდა ნინოს საფლავი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია. ამჯერად მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს", - აღნიშნა დედა თამარმა.

წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.

წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისგან ("ნასხლევისაგან") გაკეთებული ჯვარი. ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად "ტყვესაც" ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.

ნინოს, როგორც წმინდანის, ხსენების დღესასწაულად ეკლესიამ დააწესა 14 იანვარი (ძველი სტილით). ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.

ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.

მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.
 
 

ასევე:

  • დღეს ნინოობაა
  • მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს
  • ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია სალომე უჯარმელის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge