|
11-02-2011, 14:18
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან.
დღეს, 11 თებერვალს, ონლაინრეგისტრაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ თავიანთ სკოლებში (სკოლადამთავრებულებმა რესურსცენტრებში) შეავსონ სარეგისტრაციო ანკეტა. Online რეგისტრაციისთვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge. რეგისტრაციის პროცესი 14 თებერვალიდან დაიწყება.
საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება. მსურველები ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის პროცესი 25 მარტს შეწყდება. mes.gov.ge |
|