|
23-04-2011, 21:13
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. ამ დღესასწაულს საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, კაცები ქალებს ვარდებს სჩუქნიდნენ და მათგან წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო.
23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესის და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც დაემატა შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც და იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა. იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ, 1996 წლიდან კი დაიწყო მისი აღნიშვნა. იუნესკოს რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვა განსაკუთრებით ეფექტურია. 23 აპრილი არის დღე, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.
2003 წელს საქართველოც შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც წიგნის დღე აღინიშნება.
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ბაღში წიგნის ტრადიციული გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში წიგნის 30-მა გამომცემლობამ და გამავრცელებელმა მიიღო მონაწილეობა. წიგნის გამოფენა-გაყიდვაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა და შეეძინა როგორც კარგად ნაცნობი, ასევე ახალი წიგნები.
ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. მისი განცხადებით, ეს დღე ჩვენს ქვეყანაშიც ლამაზ ტრადიციად უნდა იქცეს.
“23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეა, ის იუნესკოს მიერ აღინიშნება და დასერვანტესის, დე ლა ვეგასა და შექსპირის სახელებს უკავშირდება. გვინდა ტრადიციად ვაქციოთ ეს დღე, ისე როგორც ეს პარკი წიგნსმოყვარულთათვის. საავტორო უფლებების დაცვის კუთხით, სამწუხაროდ, საქართველო აუტსაიდერების რიგშია, ამიტომ კანონის გადახედვა და გამკაცრებაა აუცილებელი, რათა დაცული იქნეს ინტელექტუალური საკუთრება", - განაცხადა უგულავამ. |
|