|
23-04-2010, 00:38
დღეს, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღნიშვნა 1923 წელს კატალონიაში დაიწყო. როცა სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს კაცები ქალებს ვარდებს სჩუქნიდნენ და მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღეთ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო. დღე, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.
წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური კლუბი "ვიტამინი" წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ღონისძიების ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობა წარმოადგენს საკუთარ გამოცემებს. სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა "ცოცხალი ბიბლიოთეკა", სადაც წიგნები ადამიანები არიან, ხოლო მათი წაკითხვა ხდება საუბრის საშუალებით. ბიბლიოთეკაში "წიგნებად" მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები (გია მურღულია, მიხეილ ცაგარელი, ინესა მერაბიშვილი, ჯუმბერ ლეჟავა, დეფი გოგიბედაშვილი და სხვა). თითოეულ "წიგნს" ექნება თავისი სათაური და შინაარსი. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, "ცოცხალი ბიბლიოთეკა" საშუალება იქნება სტუდენტებისთვის, უფრო ახლოს გაეცნონ ლიტერატურას შიდა სამზარეულოს და ნახონ როგორ იწერება თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული წიგნები. ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება წიგნის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები და პოსტერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები. მცირე დარბაზში მოეწყობა ფილმის ჩვენება და დისკუსია წიგნების დანიშნლებაზე თანამედროვე სამყაროში. საღამოს სამედიცინო უნივერსიტეტის "ცისფერ" დარბაზში გაიმართება პოეზიის საღამო მუსიკალური გაფორმებით. |
|