|
5-10-2012, 15:13
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 10-15 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით და ორი პრეზენტაციით წარდგება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს დაგეგმილია ორი პრეზენტაცია: ფორუმ დიალოგის ფორმატის ფარგლებში ქართველი ქალი ავტორების (ანა კორძაია-სამადაშვილი, ნენე კვინიკაძე, ნინო ხარატიშვილი) ნაწარმოებების კითხვა გერმანულ ენაზე და საქართველოს ეროვნულ სტენდთან უცხოელი გამომცემლებისთვის და ლიტერატურული აგენტებისთვის "ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია".
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები წამყვანი გერმანული და ბრიტანული გამომცემლობების წარმომადგენლებთან.
მათივე განცხადებით, საქართველოს მონაწილეობას აღნიშნულ ბაზრობაზე ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარების და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ქართული დელეგაცია ფრანკფურტში 9 ოქტომბერს მიემგზავრება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელსაც 500 წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს და წარმოადგენს ასიათასობით დასახელების წიგნს. |
|