|
30-05-2011, 14:12
“გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი ჰანს ზუნკელი, უნივერსიტეტის საიუბილეო დღეების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ავსტრიაში საიუბილეო ღონისძიებაზე ეპატიჟება.
“გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი გეპატიჟებათ პირადად თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 200 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე. ღონისძიება 2011 წლის 31 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. საიუბილეო დღეების ფარგლებში, გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ხდება აკადემიური წოდებების განახლება. ამასთან დაკავშირებით, რექტორი თავის კაბინეტში აწყობს მიღებას მიწვეული სტუმრებისთვის”, - აღნიშნულია ჰანს ზუნკელის მიერ არჩილ ფრანგიშვილისადმი გამოგზავნილ მოსაწვევ წერილში.
აღსანიშნავია, რომ გრაცის უნივერსიტეტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო კავშირები აქვს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2007 წლის ოქტომბერში მოეწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კვლევებისა და განათლების საკითხებში აკადემიური თანამშრომლობის გაღმავებას; აკადემიური პერსონალის, მეცნიერთანამშრომლებისა და ტექნიკური სპეციალისტების, ასევე, სტუდენტების მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების შემუშავებას; საერთო სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და მათი განხორციელებისათვის ოფიციალური დაფინანსების წყაროების მოძიებას. 2007 წლიდან მოყოლებული, მოქმედებს გაცვლითი პროგრამები სტუ-სა და გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის.
ავსტრიული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა „საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა“, რომელიც 2010 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა. |
|