|
5-10-2011, 14:11
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფესორი ოთარ ზუმბურიძე, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რექტორის, ჰანს ზუნკელის სპეციალური მიწვევით, ავსტრიაში იმყოფებოდა. ოთარ ზუმბურიძემ მონაწილეობა მიიღო გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. მიღება 30 სექტემბერს გაიმართა.
ოთარ ზუმბურიძემ გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან მისალოცი ადრესი და საჩუქრები გადასცა. სტუ-მ გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტუ-ის სიმბოლიკის ერთ-ერთი ატრიბუტი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებული, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშის, ბრინჯაოს არწივის მინიატურული ვერცხლის ასლი და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" სასაჩუქრე, მომინანქრებულ ყდაში ჩასმული, ილუსტრირებული გამოცემა უსახსოვრა.
საზოგადოების სამსახურში კვლევებისა და სწავლების თითქმის ორასწლიანი გამოცდილებით, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ავსტრიის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ინსტიტუტია. უნივერსიტეტს მდიდარი ისტორია აქვს. სასწავლებლის წარმატება უზრუნველყვეს უნივერსიტეტში მოღვაწე გამოჩენილმა მეცნიერებმა და მეცნიერებასა და კვლევებში მათ მიერ მიღწეულმა საყოველთაოდ აღიარებულმა შედეგებმა. რიხარდ ზიგმონდი, რომელმაც 1926 წელს ქიმიაში მიიღო ნობელის პრემია, გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობდა, როგორც ასისტენტი და მოწვეული ლექტორი. ისეთი ცნობილი სახელები, როგორიცაა ჰერბერტ ეიშჰოლცერი, ჰანს ლისტი, ოტო ნუსბაუმერი, ფრიდრიხ მოსი, ანა-ლულია პრაუნი, ფრიდრიჰ შმიდლი, ნიკოლა ტესლა, ფერდინანდ ვიტენბაუერი - განაპირობებენ გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უბადლო რეპუტაციას.
უნივერსიტეტი 1811 წელს ერცჰერცოგმა იოანემ დააარსა. 1864 წელს, შტირიის მთავრობის (სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრია) გადაწყვეტილებით, იგი ჩამოყალიბდა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, სახელწოდებით Technische Hochschule. 1901 წელს მიენიჭა დოქტორანტებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭების უფლება. 1955 წელს უნივერსიტეტის საორგანიზაციო ბრძანებულებით (HOG ’55), Technische Hochschule ბაზაზე სამი ფაკულტეტი შეიქმნა. 1975 წელს უნივერსიტეტის საორგანიზაციო ბრძანებულებით (UOG ’55), Technische Hochschule ბაზაზე ხუთი ფაკულტეტი შეიქმნა და მას ეწოდა გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი -Graz University of Technology, Erzherzog-Johann-University. 2004 წელს გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა შვიდი ფაკულტეტი, 104 ინსტიტუტი და ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა. უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს რექტორატი, სენატი და უნივერსიტეტის საბჭო.
გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საერთაშორისო კვლევებისა და განათლების ქსელში არსებულ უმნიშვნელოვანეს უნივერსიტეტს წარმოადგენს ინჟინერინგისა და მეცნიერების სფეროში. მდიდარი ტრადიციის მქონე და ამავდროულად, მომავალზე ორიენტირებულ უნივერსიტეტს აქვს ამბიცია, საუკეთესო იყოს წამყვან სამეცნიერო დარგებში.
სამეცნიერო საბაკალავრო პროგრამებზე დაყრდნობით, უნივერსიტეტი კონცენტრირებულია კვლევებზე ორიენტირებულ სამაგისტრო და PhD პროგრამებზე.
გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამზადებს წამყვან შემსრულებლებსა და მენეჯერებს, რათა ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს საზოგადოების, ეკონომიკისა და გარემოს მდგრადი განვითარება.
უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტია: არქიტექტურა, სამშენებლო, მანქანათმშენებლობა-ეკონომიკა, ელექტროტექნიკა-საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათემატიკური და ფიზიკური მეცნიერებები, ქიმია, ქიმიური ტექნოლოგიები და ბიოტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები.
გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, რომლის უშუალო მოწვევითაც სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ავსტრიაში იმყოფებოდა, პროფესორი ჰანს ზუნკელი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორია. დაიბადა 1948 წლის 4 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ როტენმანში. ჰყავს მეუღლე ილსე ზუნკელი და 2 შვილი.
აღსანიშნავია, რომ ჰანს ზუნკელს რექტორობის ვადა ამოეწურა და ღონისძიების შემდეგ, 3 ოქტომბრიდან, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულებას პროფესორი ჰარალდ კაინცი შეუდგა. |
|