|
7-05-2014, 16:45
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების მარკეტინგის მენეჯერმა კეიტ კიისელმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო ესტონეთი და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყანაში. აღნიშნულ უნივერსიტეტში ამჟამად 70 ქართველი სტუდენტი სწავლობს.
სტუმრებმა სტუ-ის სტუდენტებს წარუდგინეს საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამები ინგლისურ ენაზე (23 პროგრამა). პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინჟინერინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებს.
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა და ის უძველესი და უდიდესი უნივერსიტეტია ესტონეთის დედაქალაქში. სტუდენტთა მიღების რაოდენობით იგი მეორე ადგილზეა ქვეყანაში. უნივერსიტეტში ყოველწლიურად სწავლობს 650 საერთაშორისო სტუდენტი და მათ შორის არიან ქართველებიც. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროგრამებს ინგლისურ ენაზე მრავალ სფეროში, მათ შორისაა: ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია. |
|